Credit Suisse-მა შეძლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ადვოკატისთვის თაღლითობის საქმის მასალებზე წვდომის დაბლოკვა. ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Le Temps ავრცელებს.
თავდაპირველად პროკურორმა ივ ბერტოსმა, რომელიც საქმეს იძიებს, ივანიშვილსა და მისი აქტივების მფლობელ კომპანიას მისცა წვდომა საქმის მასალებისადმი და ისინი დაზარალებულებად სცნო. ბანკმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ თავად არის სავარაუდო თაღლითობის ერთადერთი მსხვერპლი.
“მომხმარებლები თავს დაზარალებულად ცნობენ მაშინ, როცა ბანკი მათი დანაკარგის კონპენსაციას ახდენს. ეს შემთხვევა სხვაა, ამიტომ ივანიშვილის სტატუსი დაზარალებული ვერ იქნება.” – ასეთია ბანკის ოფიციალური პოზიცია.
10 მარტს სისხლის სამართლის საქმეებისა და საკასაციო განცხადებების განყოფილებამ ქართველ მილიარდერსა და მის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომაზე უარი უთხრა გადაწყვეტილების გამოტანამდე.
რუსული გამოცემის “ერბეკას” ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ფრანკი დაკარგა Credit Suisse-ის მენეჯერის პატრის ლესკოდრონის ქმედებების გამო, რომელიც ივანიშვილის საინვესტიციო პორტფელს მართავდა.