“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ: რას დაპირდა ირაკლი შოთაძე ბუტა რობაქიძეს დედას შეხვედრის დროს?
ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემდეგ დანაშაულის დაფარვის გახმაურებული საქმე, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულნი კვლავაც აქტუალურია. „მეტრონომთან“ საუბარში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სასამართლოს მხრიდან საქმის განზრახ გაჭიანურებაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც კავშირშია 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმესთან დაისჯება.
„მეტრონომი“: თქვენ აცხადებთ, რომ საქმე განზრახ ჭიანურდება და საქმის გაჭიანურებაში იარაკლი ფირცხალავა დაადანაშაულეთ. ფირცხალავა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანია. თქვენი აზრით, ინარჩუნებს ის იგივე გავლენას სისტემაში, რაც ადრე ჰქონდა და კონკრეტულად ვინ ეხმარება მას?
ია მეტრეველი: ნამდვილად მიზანმიმართულად ჭიანურდება ეს საქმე და უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ამ ყველაფერმა. ეს არის ჩემი ოჯახის დაცინვა და იმ საზოგადოების დაცინვა, რომელიც აქტიურად ესწრება მესამე წელია ამ სასამართლო პროცესს. მინდა აღვნიშნო ის, რომ ფირცხალავას გავლენები იმიტომ აქვს ჯერ კიდევ, რომ „ნაციონალები“ არიან ყველგან, ყველა სტრუქტურაში, ასევე სასამართლოში. ეს სასამართლო, რაც დღეს არის, ნამდვილად არ იყო ის საოცნებო სასამართლო. არცერთ მოსამართლეს პასუხი არ უგია თავის დანაშაულზე. მათ ათიათასობით ადამიანს უკანონო და უსამართლო განაჩენი გამოუტანეს. ეს მოსამართლეები ჯერ კიდევ თანამდებობებზე რჩებიან. ნამდვილად არ მინდოდა იმ მოსამართლეს განეხილა, რომელიც იხილავს ჩვენს საქმეს, მაგრამ ახლა თითქმის ეჭვი არ მეპარება, რომ ფირცხალავას დავალებას ასრულებენ. როგორც მოხდა ვაზაგაშვილის შემთხვევაში, ყოველ მესამე დღეს ინიშნებოდა სასამართლო პროცესები და ამ შემთხვევაში ორი თვით და თვენახევრით შეიძლება პროცესის გაწელვა? მითუმეტეს ბუტას საქმეში არაფერი გამოსაძიებელი აღარ არის, გამოძიებულია ყველაფერი, უბრალოდ ისინი, ვინც გირაოთი არიან გათავისუფლებულნი უნდა ჩასხდენენ ციხეში. იმდენი მოწმე არსებობს და იმდენად ხელისგულზეა ყველაფერი რაც გააკეთეს ამ დანარჩენებმა, გარდა იმ მკვლელისა, რომლებმაც 19 წლის ბავშვს სიცოცხლე წაართვეს. არაფერი გამოსაძიებელი აქ არა არის. უბრალოდ, დამნაშავე არის დასასჯელი დროულად და ამას არ აკეთებენ. ეს ყველაფერი არის ჩემი შეურაცხყოფა, უკვე ჩემთვის აუტანელია ამ ყველაფრის გაძლება.
-სასამართლოში ბოლოდროინდელ მოვლენებს როგორ აფასებთ და ფიქრობთ, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა ბოლომდე მიიყვანს თქვენი შვილის მკვლელობის საქმეს.
– მართლი გითხრათ უკვე აღარ მაქვს იმედი. ნამდვილად არ მიბრძოლია ასეთი სასამართლოსთვის. მურუსიძე, რომელიც დანიშნეს და დანარჩენი მოსამართლეების ნაწილიც აცხადებს დღეს, რომ მეც მურუსიძე ვარო. უკვე რისი ნდობა შეიძლება გქონდეს. ერთადერთი იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი საქმე იმდენად აშკარაა, იმდენი მოწმეა, რომ უბრალოდ ვერ შეძლებს მოსამართლე კრიმინალებისთვის სასურველი განაჩენის გამოტანას. მხოლოდ ამის იმედი მაქვს დარჩენილი. ვერ გაექცევა უბრალოდ მტკიცებულებებსა და მოწმეებს.
– ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თქვენ გქონდათ კონსულტაციები მაშინდელ პროკურორ კბილაშვილთან. დღეს რა ვითარებაა ამ მხრივ? გქონდათ თუ არა შოთაძესთან შეხვედრა, ან ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და მათთანაც თუ გისაუბრიათ თქვენს პრეტენზიებზე სასამართლო სისტემის მიმართ?
– გენერალურ პროკურორ შოთაძეს შევხვდი. მისი იმედი ნამდვილად მაქვს, ძალიან კარგად ვარ განწყობილი მის მიმართ, იმიტომ, რომ ძალიან კარგი ადამიანია ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. მე ვიცი, რომ გულთან მიაქვს ჩვენი საქმე, პროკურატურა ნამდვილად არის ამ შემთხვევაში სათანადო დონეზე. გამოძიებული და წაყენებული აქვთ ამ ხუთ ადამიანს ბრალი, თუმცა არ მაქვს იმედი სასამართლოსი. როლები შეიცვალა სააკაშვილის პერიოდში პროკურატურა ახდენდა ზეწოლას სასამართლოზე და ახლა პირიქით. პროკურატურის ნდობა ბევრად მაქვს, სასამართლოსი უკვე აღარ.
რაც შეეხება კბილაშვილს, ზუსტად კბილაშვილი მპირდებოდა საქმის გამოძიებას. როგორც კი აირჩიეს, მან საჯაროდ, ღარიბაშვილის თანდასწრებით კონფერენციაზე, სადაც უამრავი ადამიანი იჯდა, იქ ჩემს კითხვაზე ასეთი პასუხი გამცა, რომ ჩვენ მოვედით სწორედ ამ გახმაურებული საქმეების, ამ ბიჭების სისხლზე და ჩვენ ვალდებულები ვართ პირველ რიგში, ეს საქმეები მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენ თქვენს ვალში ვართო. კბილაშვილის დროს, ნამდვილად მოხდა დაპატიმრება ამათი, ამ კრიმინალების, მაგრამ მაშინ კუბლაშვილის სასამართლომ პირდაპირ გირაოთი გამოუშვა ისინი.
-თქვენ გაქვთ პრეტენზები სასამართლო სისტემის მიმართ. ბევრი აცხადებს, რომ სასამართლოშო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უკავშირდება. თქვენ პრეტენზიები წულუკიანის მიმართაც გაქვთ?
– ვერ გეტყვით ასე ზუსტად და კონკრეტულად ვის რა გავლენა აქვს. ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, ფაქტი სახეზეა, რომ ახალმა ხელისუფლებამ რითიც გამოვიდა ქუჩაში, პროტესტი რაზეც დაიწყო, ეს იყო ბუკა და სანდრო და შემდეგ, საუბედუროდ, ის დანარჩენი ბიჭები ვაზაგაშვილი, გამცემლიძე… სწორედ ამას მოჰყვა დიდი პროტესტი და ქუჩაში ხალხის გამოყვანა. ახალმა ხელისუფლებამ ნამდვილად არ შეასრულა ის დანაპირები რითიც მოვიდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი… უკვე ოთხი წელი გადის. მცხვენია უკვე, მე რომელიც ფრონტის პირველ ხაზზე ვიყავი და ამ ხელისუფლების რიგითი ჯარისკაცი ვიყავი. დღეს, ამ თემაზე ისევ რომ მიწევს საუბარი ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია. გაოგნებული და გაოცებული ვარ, რა ხდება ეს.
– თქვენ მოითხოვდით ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებასაც. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გორის საკრებულოში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.
– ის მინისტრი იყო და ადრე დავუსვი მას კითხვები „ფეისბუქის“ საშუალებით, თუმცა მათზე პასუხები არ მიმიღია. ის იყო მინისტრი და მართალია მოგვიანებით, მაგრამ მაინც ხომ გაიგო რაც მოხდა. ოქრუაშვილი პასუხისმგებლობას გაურბის. რატომ აღარავინ ახსენებს ირაკლი ოქრუაშვილს, ის იყო მინისტრი და მასაც უნდა მოვთხოვოთ პასუხი ჩემი შვილის, რომელიც ბანდიტად გამოაცხადეს საქმეზე. ეგ არ იცოდა ოქრუაშვილმა? პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. დღეს მოვისმინე, რომ რაღაც თანამდებობა მიიღო, რაღაზე ვილაპარაკო. ეტყობა ამ ქვეყანაში სამართალი არასოდეს არ იქნება.
– და ბოლოს გკითხავთ, რას ითხოვს დღეს ია მეტრეველი კონკრეტულად… ვის დასჯას ითხოვს?
– ამ წუთას ვინც არიან ბრალდებულები ეს არის ხუთი ადამიანი. მათგან მთავარი არიან მიქაძე და დონაძე. დონაძე იყო სცენარის ავტორიც და რეჟისორიც, ამას ადასტურებს უამრავი მოწმე. პირველ რიგში დონაძე და მიქაძე არიან დამნაშავეები.
მარიამ ვარადაშვილი