ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

იგრძენი მომავალი “საქართველოს ბანკის” 450%-იანი კრედიტით

ბაზარზე „საქართველოს ბანკის“ სწრაფი სესხი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია

„საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-სესხი დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საკრედიტო პროდუქტია ქართულ საბანკო სექტორში. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი “ბანკები და ფინანსები”. საგულისხმოა, რომ ექსპრეს კრედიტი, როგორც 0%-იანი სესხი, ისე რეკლამირდება, თუმცა, მის მოსამსახურებლად არსებული საკომისიოებით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რამდენიმე ასეულ პროცენტს შეადგენს. მკითხველს შევახსენებთ, რომ სესხის წლიურ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, რაც ამ კრედიტის მომსახურებას სჭირდება და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი.

„საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-სესხი 150 ლარიდან 700 ლარამდე გაიცემა. კრედიტის მაქსიმალური ვადა 1 წელია, თუ ერთ წელში ვერ მოახერხეთ მისი გადახდა, წლის ბოლოს თანხის მთლიანი ოდენობის ერთბაშად დაფარვა მოგიწევთ, რადგან მისი კვლავ გადავადება შეუძლებელია. ამასთან სესხი, როგორც ზემოთ აღინიშნა რეკლამირდება 0%-იან კრედიტად, თუმცა, სესხის მომსახურებისთვის თვეში ორჯერ საკომისიოს გადახდა გიწევთ. მაგალითად, განვიხილოთ 700-ლარიანი კრედიტის პირობები. სესხის აღების საკომისიო შეადგენს 19 ლარს, ხოლო თვეში ორჯერ, ორი კვირის შუალედით მოგიწევთ 35-35 ლარის გადახდა, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ საკომისიო და ამ თანხიდან ძირს არაფერი აკლდება. ამ ექსპრეს სესხის პირობებში, თუ თქვენ კრედიტს 1 თვით აიღებთ, გამოვა, რომ 450%-იანი სესხით მოგიწევთ სარგებლობა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაცია სწორედ 450%-ის ფარგლებში გასცემს სესხებს.

2011 წელს სებ-ის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება – „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურებისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესახებ. ზემოაღნიშული წესის თანახმად, რომელიც 2011 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა, ბანკები ვალდებულნი გახდნენ მომხმარებელს მიაწოდონ ის ყველა ინფორმაცია, რაც თან ახლავს სესხის აღებას და განუმარტონ რისკები, რაც შეიძლება კრედიტის გადაუხდელობას მოყვეს. ამასთან ბანკები ვალდებულნი არიან კლიენტებს მიაწოდონ ინფორმაცია სესხი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს იმ ყველა ხარჯს, რაც კრედიტის მომსახურებისთვისაა საჭირო. თუმცა, ეს წესი ვრცელდება ფიზიკური პირებისათვის ყველა სახის სამომხმარებლო კრედიტის, მათ შორის, ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათის გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე, როდესაც კრედიტის მთლიანი თანხა აღემატება 300 (სამას) ლარს და ნაკლებია 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარზე. ამ საკანონმდებლო ნაკლს ბანკები ხშირად წარმატებით იყენებენ სათავისოდ და 300 ლარზე მცირე სესხებს ძალიან ძვირ პროცენტად გასცემენ, რაზეც მოწმობს კიდევ „საქართველოს ბაკის“ ექსპრეს-სესხი.

ბოლო პერიოდში, აქტიურად მიდის საუბარი ონლაინ-სესხების კომპანიების სახელმწიფო რეგულირების შესახებ. გამომდინარე ამ კრედიტების სიძვირიდან და კაბალური პირობებიდან საზოგადოების მხირდან ამ ბიზნესის მიმართ დამოკიდებულება ძალიან უარყოფითია. სხვადასხვა გამოკითხვები მოწმობს, რომ მოსახლეობას მათ საერთოდ გაუქმებას, აკრძალვას მოითხოვს. ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების ძვირი სესხების ფონზე, საქართველოს საბანკო სექტორის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ერთი შეხედვით, მეორე პლანზე გადავიდა. თუმცა, ამით ბანკებს კრედიტები არ გაუიაფებიათ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს საბანკო სფერო რეგილურდება ეროვნული ბანკის მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძნელია იმის, თქვა რომ ბანკები უფრო უკეთეს პირობებს სთავაზობენ მომხმარებელს ვიდრე ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები. ალბათ ღირს იმაზე დაფიქრება, თუ რამდენად სწორედ ხდება მათი რეგულირება, ან როგორ უნდა მოხდეს მომავალში ონლაინ კრედიტების ზედამხედველობა, რათა ამ რეგულირებამ რეალური შედეგი მოუტანოს რიგით მომხმარებელს.

წყარო: გაზეთი “ბანკები და ფინანსები”

იტვირთბა....