დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა ნატო ხუტაშვილი ექსპერტიზის დარღვევებზე საუბრობს.
მისი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.
„სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებული იქნა დნმ-ანაწმენდები, კერძოდ, ეს არის ხელები და სახე. შემდეგ ეს ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17-ე პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, არის გახსნილი და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდები ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი კვლევებისთვის, რაც საქმეს უკან ხევს“, – განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.
შეგახსენებთ, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.