შინაგან საქმეთა სამინისტიროს განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2 მამაკაცი მოკლა, რის შემდეგაც ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში 2 პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.