საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიების ფარგლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიღმის ტყე-პარკში დღეს კედარი დარგო. გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მონაწილეობდნენ.
გამწვანების აქცია თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ფონდის “გაამწვანე საქართველოს” მიერ იყო ორგანიზებული. აქციის დროს პატრიარქის ას ორმოცდაათმა ნათლულმა და მათმა მშობლებმა კიპარისისა და კედარის ექვსასი ნერგი დარგეს.
გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკის გარდა, ანალოგიური აქციები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
“ამ სეზონზე 100 ათას თუთის ნერგს გავცემთ, რომლითაც ხელს შევუწყობთ მეაბრეშუმეობის აღორძინებას, სანაშენე მეურნეობიდან ასევე გაიცემა წიწვოვანი ხეები და სხვადაესხვა ჯიშის ნერგები”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მსგავსი ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.