ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპის დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო, რის შედეგადაც 500 ლარის გადახდა დააკისრა.
“კერძოდ, დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში წარდგენის ეტაპზე, თითოეული პირის საქმის მასალებში მტკიცებულების სახით წარდგენილი იყო “შეტყობინება”, რომელშიც მითითებული იყო 43 დაკავებული პირის პერსონალური მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ საქმეების განხილვა ინდივიდუალურად მიმდინარეობდა ყველა პირის საქმეში იყო სხვა პირების შესახებ ხსენებული ინფორმაციები.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ “კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში საჭიროებას არ წარმოადგენდა სხვა დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციის დამუშავება”. შესაბამისად, დაკავებული პირების მიმართ არსებულ საქმეებში სხვა პირების შესახებ ინფორმაციის დაუფარავი ფორმით განთავსება მიჩნეულ იქნა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად” – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.