ახალი ამბები მთავარი

სახელმწიფო კანცელარიასთან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპროტესტებენ

ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიასთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების მიღებასა და მომხდარის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

“ეს არის პირდაპირი და უსაშინლესი დარტყმა სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე ამ ქვეყანაში. საჭიროა ჩატარდეს უსწრაფესი გამოძიება და გამოვლენილ იქნეს ყველა პირი, ვინც მონაწილეობს ამ საშინელ დანაშაულში. პირები, რომლებმაც ჩაიწერეს აღნიშნული, პირები რომლებმაც გაავრცელეს, ყველა უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით.

ამ კონდიციამდე მივედით სწორედ იმიტომ, რომ ყველა განცხადება, რომელიც აქამდე იყო გაკეთებული საჯარო პირების მიერ, რომ მათ ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, იყო იგნორირებული და არაადეკვატური განცხადებები კეთდებოდა, რომ ასეთ რამეს ხელისუფლება არ დაუშვებდა, რომ ეს წარმოუდგენელია, ასეთი რამ არ მოხდებოდა, როგორ შეიძლება ვინმეს ეშინოდეს იუსტიციის მინისტრის – ასეთი განცხადებაც მოვისმინეთ დღეს და ასე შემდეგ. ყველა წინა ფაქტის დაუსჯელად დატოვებამ გამოიწვია დღევანდელი მოქმედება და ყველა საჯარო პირის მიმართ, იქნებიან ეს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები თუ საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, ეს არის გაფრთხილება და გზავნილი. საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას. თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ სახელმწიფო, ეს დანაშაული დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სისტემური დანაშაული, რომელიც ამ ხელისუფლებამ დატოვა პასუხგაუცემელი, არის ძალიან დიდწილად პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინტერნეტში ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. უკანონო ვიდეომასალა „იუთუბმა“ სუსთან თანამშრომლობის შედეგად დაბლოკა. მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....