ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პროტესტის მეორე დღე „მეტრონომის“ თვალით: საქმეში პრემიერიც ჩაერთო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება – სტუდენტებს სოლიდარობას სხვა უნივერსიტეტებიც უცხადებენ.

დღეს მათ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ლექტორებიც შეუერთდნენ. ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა გიორგი მაისურაძემ სტუდენდებს მიმართა და განაცხადა, რომ სტუდენტებს შესწევთ ძალა, რომ ქვეყანა მანკიერებისგან გაწმინდონ.

IMG_7798

„მეც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და მე ვამაყობ ჩემი წარსულით. სტუდენტური პროტესტი მიმაჩნია ყველაზე ჯანსაღ ძალად, ყველაზე ჯანსაღ პროტესტად ამ ქვეყანაში. სტუდენტებს შესწევთ ის ძალა, რომ ეს ქვეყანა მანკიერებისგან გაწმინდონ, სხვას არ შეუძლია. ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, როგოც კერძო პირი ყოველთვის თქვენ გვერდით მიგულეთ“- განაცხადა მაისურაძემ.

მოგვიანებით სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გადაინაცვლეს და აქცია იქ გააგრძელეს. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებსაც ლექციები ამ კორპუსში უტარდებათ,  თავიანთ უნივერსიტეტელებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ამის შემდეგ სტუდენტების ერთი ნაწილი ისევ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დაბრუნდა.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას ერთ-ერთმა სტუდენტმა თორნიკე შევარდნაძემ განაცხადა, ის, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტების ამბით დაინტერესდა და გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა, უკვე მოწმობს იმას, რომ ეს პრობლემა საზოგადო გახდა.

IMG_7804

„უპირველესად დიდი მადლობა ბატონ პრემიერს, რომ დაინტერესდა ამ თემით. ეს ფაქტი აჩვენებს იმას, რომ ეს პრობლემა უფრო მეტად საზოგადო გახდა. ამაში სწორედაც უნდა ჩაერთვნენ პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ამ მხრივ ძალიან კარგია ეს მოწოდება. გაფრინდაშვილმა კანდიდატურა ნამდვილად უნდა მოხსნას. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ კვირიკაშვილის მხარდაჭერა სხვა საკითხებშიც გვჭირდება. კონკრეტულად იმაში, რომ „ოდეერმა“ დატოვოს უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ თავადაც დაადასტურა, რომ უნივერსიტეტში „ოდეერი“ ნამდვილად არსებობს, ასე რომ ეს ჩვენ არ მოგვიგონია. ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის მხარდაჭერა ამ საკითხში და უკვე სხვა საკითხებშიც, როგორიცაა თვითმმართველობის რეფორმა. ჩვენ მისი მხარდაჭერა გვჭირდება საბიუჯეტო დაფინანსებაშიც“- აღნიშნა სტუდენტმა, თორნიკე შევარდნაძემ.

დღეს, პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა –  “არა ცენზურას უნივერსიტეტში – განწირული მოწოდებაა. სწორია – არა სახელმწიფოს უნივერსიტეტში”. მის ამ განცხადებას სტუდენტები არ ეთანხმებიან. როგორც „მეტრონომთან“ თორნიკე შევარდნაძემ აღნიშნა, ის, რომ უნივერსიტეტი სახელმწიფოა, ეს ავტონომიის შეზღუდვას არ ნიშნავს.

„ვერ დავეთანხმები ზურაბ ჯაფარიძეს, რომ უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან უნდა გათავისუფლდეს, ის უნდა გათავისუფლდეს ოდეერის წარმომადგენლებისა და უშიშროების თანამშრომლებისგან. ის, რომ უნივერსიტეტი არის სახელმწიფო, სახელმწიფო დაფინანსება არ ნიშნავს ავტონომიის შეზღუდვას, ასე რომ მე მას არ ვეთანხმები“- აღნიშნა თორნიკე შევარდნაძემ.

IMG_7802

მისი თქმით, ორშაბათს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იგეგმება. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს საკითხის განხილვისთვის გიორგი გაფრინდაშვილის გარეშე შეხვედრას ორშაბათს სთავაზობს, სამშაბათს კი თვითმმართველობასთან შეხვედრა იგეგმება. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება როდის იქნება სხდომა ან საერთოდ, ჩატარადება თუ არა ის.

„მეტრონომთან“ საუბრისას სტუდენტები ამბობენ, რომ საბჭოს შეკრება დღესაც შეიძლებოდა და ხვალაც, რადგან უნივერსიტეტი შაბათობით მუშაობს, თუმცა არ იკრიბებიან. ამ ფაქტს ისინი პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებას უკავშირებენ.

„ვაგრძელებთ ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობს, რომ პრემიერი უნივერისიტეტის სხვა საკითხებითაც დაინტერესდეს. ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, მანამ, სანამ კონკრეტულად სახლემწიფოსგან რეაგირება არ გვექნება“ – აღნიშნა „მეტრონომთან“ პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტმა თორნიკე შევარდნაძემ.

დღეს, გიორგი გაფრინდაშვილმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ ის კანცლერის კანდიდატურის მოხსნას არავითარ შემთვევაში არ აპირებს.

IMG_7818

„მზად ვარ კონსტრუქციულ რეჟიმში ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი. თუ რომელიმე ფაქტი დადასტურდება მას ექნება შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც მე ვარ მოძალადე, ვძალადობდი რაიმე სახის დანაშაულს ვფარავდი, არათუ უნივერსიტეტში, საჯარო სამსახურშიც კი არ ვიმუშავებ სიცოცხლის მანძილზე,“ – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს უნივერსიტეტში იმყოფებოდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, კახა კოჟორიძე, რომელმაც განაცხადა, რომ უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან მიიღო დასტური, რომ უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერი” არსებობს. კახა კოჟორიძემ პრეზიდენტის ის პოზიცია დააფიქსირა, რომ მსგავსი სამსახურის არსებობა უნივერსიტეტში დაუშვებელია. სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოსახატად  ასევე მივიდა „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი წევრი დავით ბერძენიშვილი, რომელთანაც საუბარზე სტუდენტებმა უარი განაცხადეს. სტუდენტები უარს აცხადებენ რომელიმე პოლიტიკური ძალის ჩართვაზე აღნიშნულ აქციებში.

IMG_7830

სანამ პრემიერ-მინისტრი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნისკენ მიუწოდებდა, უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ უნივერსიტეტის საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ. როგორც პაპავამ განაცხადა, ერთადერთი, რითიც შეიძლება პოლიტიკოსები უნივერსიტეტს დაეხმარონ, არის ცვლილებების შეტანა კანონში, რომელიც უმაღლესი განათლების საკითხს არეგულირებს.

შეგახსენებთ, რომ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. მიზეზი კი უნივერსიტეტის ერთი ჯგუფის აქცია გახდა, სენატის წევრები ამბობდნენ, რომ მათი ხმაური სხდომის ჩატარებას ხელს უშლიდა.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....