ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“დააწესეთ მილიონი ლარი ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს”

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინტერნეტში  პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეომასალის გავრცელებას  განცხადებით ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარე მიმართვს პროკურატურას და საგამოძიებო სამსახურებს, საგანგებო ზომებს მიმართონ:

“შეშფოთება, აღშფოთება და გამოძიების დაწყება აღარ არის ადეკვატური რეაგირება ისეთი გადაგვარებული ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შექმნა, ვინც დაამონტაჟა, ვისაც დასაწყობებული აქვს და ვინც საზოგადოებას მიზანმიმართულად წამლავს ამგვარი მასალების გამოქვეყნებით.

მივმართავ პროკურატურის, პოლიციის და უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებს, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ვაღიაროთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებებით და გამოძიების ტრადიციული მეთოდიკით ვერ ვუმკლავდებით ამ საშინელ პრობლემას. ამიტომ, გთავაზობთ, მიმართოთ საგანგებო ზომებს და ამგვარი შემთხვევები განიხილოთ, როგორც მთელი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული მორალური ტერორის აქტები. შესაბამისად, დანაშაულსაც ვებრძოლოთ ისე, როგორც ებრძვიან ტერორიზმს:

ა) ტექნიკური დახმარებისთვის მიმართეთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ქსელებს. შეუძლებელია ჩვენს შემთხვევაში საქმე გვქონდეს იმ დონის ინტერნეტ-კონსპირატორებთან, რომ აღნიშნულმა სპეციალისტებმა ვერ დაადგინონ მასალების წარმოშობის და გავრცელების ადგილი და სხვა დეტალები.

ბ) დააწესეთ მილიონი ლარი და კონსპირაციულობის დაცვის სრული გარანტია იმ პირებისთვის, ვინც გამოძიებას დამნაშავემდე მიიყვანს. საქართველოს პარლამენტი მზად იქნება სერიოზული წვლილი შეიტანოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების მოძიებაში.” – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს „იუთუბზე“ აიტვირთა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ და რადიო „ფორტუნამ“ მასალა გაავრცელეს.

ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელებიდან დაახლოებით ერთ საათში სუს-თან თანამშრომლობის შედეგად youtube-მა დაბლოკა. მიმდინარეობს გამოძიება.

 

იტვირთბა....