სააგენტო „ინტერპრესნიუსი“განცხადებას ავრცელებს. სააგენტო ბოდიშს იხდის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში ატვირთვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის:
„სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება. სააგენტო აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს იხდის.
“ინტერპრესნიუსისთვის” მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ტიპის მასალის გავრცელება და ტირაჟირება და იმედოვნებს, რომ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დროულ რეაგირებას მოახდენენ.“
შეგახსენებთ, რომ დღეს ინტერნეტში ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, რის შესახებაც ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საიტზე ატვირთა. სააგენტომ მალევე წაშალა დადებული მასალა. თავდაცვის და იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ „ინტერპრესნიუსთან“ თანამშრომლობას წყვეტს. უკანონო ვიდეომასალა „იუთუბმა“ სუსთან თანამშრომლობის შედეგად დაბლოკა. მიმდინარეობს გამოძიება.