ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით საზღვარზე გადმოტანის სამი ფაქტი გამოვლინდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული, არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა სატვირთო და მსუბუქ ავტომანქანებში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, ხოლო ერთ შემთხვევაში, ძვირფასეულობა ბრალდებულის მიერ გადმოტანილ იქნა სხეულზე მიმაგრებული სახით” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ჯამურად 405 გრამი ოქროსა და 6 528 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობებია ამოღებული, რომელთა საბაჟო ღირებულება 52 968 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელი სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-იდან 7-წლამდე ითვალისწინებს.