შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოსები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის ფეისბუქში გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში პასუხობს. მეუფის განცხადებით, ფაქტია, რომ მის რეზიდენციას უყურებენ და აკვირდებიან. მიტროპოლიტი იოსების თქმით, ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.
სრული ინტერვიუ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დღეს 19 საათზე გავა.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მმართველი უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ სოციალურ ქსელში ორი დღის წან განცხადება გაავრცელა, სადაც “ზოგიერთ ღვთისმსახურს” მოუწოდა, რომ შემოქმედის ეპარქიის ეპიკოპოსის რეზიდენცია, ერისთავების ყოფილი სასახლე ოზურგეთის ცენტრში “ნაციონალური მოძრაობის” შტაბად არ აქციონ:
„ალო, ოზურგეთი, გურია!!! არ ასვენებს გამჩენი ზოგიერთ შატალოზე მყოფ პარლამენტარს, არც ყოფილი გუბერნატორების ზოგიერთ ყოფილ მოადგილეებს და წარმოიდგინეთ არც ზოგიერთ ღვთისმსახურს, ყველას სიყვარულს რომ იტევს გულში, მას რომ კითხო. იმედია მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ. დანარჩენს მოვუვლით და შეცდომებს აღარ დავუშვებთ“ – წერს კვაჭანტირაძე. მოგვიანებით კვაჭანტირაძემ დამატებითი პოსტი გამოაქვეყნა:
“ახლახანს შემატყობინეს, რომ აღნიშნულ შეხვედრას ოზურგეთში ესწრება ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო მეუფე საპატრიარქოდან, რომელსაც მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ და რომლის მიმართ დიდი მოწიწება გამაჩნია, დამსახურებულად. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ იქ, სადაც ის იმყოფება მხოლოდ სიკეთე სუფევს. არ მინდა მას იოტისოდენად მაინც გული ვატკინო და გულწრფელად ბოდიშს ვუხდი, თუ რამე უხერხულობა შევუქმენი.”