ინფრასტრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმზე ანაკლიის პორტი წლის სტრატეგიულ პროექტებში გამარჯვებულად დასახელდა. ფორუმს ამერიკაში საქართველოდან ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით დელეგაციაც ესწრებოდა.
დელეგაციის შემადგენლობაში TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც იღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პირველ ფაზას სწორედ TBC ბანკი შეასრულებს. სულ კი პროექტი 9 ეტაპისგან შედგება. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი: „როგორც ნომინანტი, ვიცოდით, რომ დასახელდებოდა, თუმცა გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ანაკლიის მრავალწლიანი პროექტი სტრატეგიულია, რომელმაც უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის“.
ბრიუს ენდრიუსი, აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე: „ანაკლია განსაკუთრებული მისი სტრატეგიული მდგომარეობის გამოა. მას შეუძლია შეცვალოს არსებული სავაჭრო მარშრუტები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ეს კარგი იქნება დასაქმების კუთხითაც“.