ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფრთხილად აფიორაა: რომან გოცირიძე 50-თეთრიანების შესახებ წერს

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ თემას, 50 თეთრიანების მაღალ ფასად შეძენის თაობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე პოსტით ეხმაურება. მისი თქმით 50-თეთრიანი ყველაზე იაფი შენადნობია და გარკვეული ნაწილი თაღლითობის მიზნით ხელოვნურად წევს მის ფასს:

“შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ რადგან ვიღაც თაღლითები ხალხს ატყუებენ და ამას არა აქვს ჯერ კიდევ დიდი მასშტაბი შეძენილი, მინდა დროზე გამოვხატო ჩემო პოზიცია. ეს ეხება 50 თეთრიანების საკმაოდ ძვირად შეძენის ფაქტებს, იმის იმედად, რომ შემდგომ გაცილებით ძვირად გადაყიდონ.

50 თეთრიანი არის ყველაზე იაფი შენადნობებისაგან -სპილენძისა და თუთიისაგან დამზადებული მონეტა. მას არა აქვს რაიმე განსაკუთრებული დამცავი ნიშანი, გარდა მასზე ამოტვიფრული ნახატებისა. მისი გაყალბება იყო ელემენტარული, ამიტომ ათასობით ყალბი ფული გაჩნდა მიმოქცევაში. ნამდვილისაგან მისი გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, მისი ამოცნობა ყველაზე კარგად შეეძლოთ “მარშრუტკის” მძღოლებს. ხელში დაჭერისას გრძნობდნენ სხვაობას ორიგინალსა და თვითნაკეთს შორის წონის მიხედვით. გადავწყვიტეთ, რომ პარალელურ ბრუნვაში გაგვეშვა ახალი, ყოველმხრივ დაცული 50 თეთრიანი და მიმოქცევიდან ძველების ამოღების შემდეგ ისინი კვლავ არ ჩაგვებრუნებინა უკან. დღეისათვის უდიდესი ნაწილი ამოღებულია. ამიტომ, მისმა იშვიათობამ თაღლითებში გააჩინა იდეა, რომ შეექმნათ აჟიოტაჟური მოთხოვნა და შემდეგ საკუთარ მარაგებში არსებული მონეტები ათმაგად და ასმაგად გაეყიდათ. სწორედ ამ პროცესის საწყისი ეტაპის მომსწრენი ვართ ახლა.

50-თეთრიანის სწრაფად შეცვლას გულდასდაწყვეტი შედეგიც მოჰყვა: გაქრება მასზე გამოსახული XI საუკუნის სამთავისის ტაძრის ფასადზე განთავსებული გრიფონის რელიეფური გამოსახულება. სამწუხაროდ, მაშინ პრიორიტეტი სხვა რამ იყო. იმედია, მომავალში დიზაინის ეს ელემენტი კვლავ აღდგება ქართულ ხურდა ფულზე.

 

P.S. სადღაც წავიკითხე, რომ ძველ საბჭოთა სავარჯიშო გირებს იბარებენ დიდ ფასადო. თურმე პლატინა ურევია მცირე ოდენობით. ეს უკვე უფრო დიდი, პოსტსაბჭოთა სივრცეში დატრიალებული აფიორაა.

არ ენდოთ!

ზოგადად, არ ენდოთ, რაც ეკონომიკაში ყველაზე ადვილად მისაღწევი მოგეჩვენებათ. სწორედ ეს ქმნიდა საფრთხეებს მთელი ისტორიის მანძილზე და დღემდე ვერ განთავისუფლებულა კაცობრიობა ამ ილუზიისაგან”, – წერს გოცირიძე პირად ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებეთ, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ყვითელ 50-თეთრიანებს 250 ლარად იბარებდნენ, თუმცა საბოლოოდ გაყიდვის მსურველთა გარდა, მყიდველი არავინ აღმოჩნდა.

იტვირთბა....