ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„რამდენჯერმე ფიზიკურად შემეხნენ“: დაპირისპირება უნივერსიტეტში – „მეტრონომის“ რეპორტაჟი

სტუდენტები შეკრებილი არიან უნივესიტეტში, რათა  სენატის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას დაესწრონ და კითხვები იმ კანდიდატს დაუსვან, რომელიც კანცლერის პრეტენდენტად განიხილება. ეს კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილია. რადგანაც უნივერსიტეტის შენობაში და უშუალოდ იმ აუდიტორიასთან, სადაც სხდომა უნდა ჩატარდეს, სტუდენტების ძალიან დიდი ჯგუფია მობილიზებული, მათ სხდომის ჩატარებაში ხელი  ეშლებათ.

სტუდენტები თავდაპირველად შეიკრიბნენ უნივერსიტეტის შენობაში ტრანსფარანტებითა და სასტვენებით. შემდეგ კი ისინი გაემართნენ აუდიტორიისკენ, სადაც იგეგმებოდა სენატის მიერ კანცლერის არჩევნების ჩატარება. დერეფნის კართან მობილიზებული იყვნენ როგორც უნივერსიტეტის დაცვის, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. მისი კარი იყო ჩაკეტილი.

IMG_7649

ჩვენთან საუბრისას სტუდენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული კარი არასოდეს იკეტება, დღეს კი ის დაკეტეს. ამის შემდეგ მათ  გადაინაცვლეს დერეფნის მეორე მხარეს, უშუალოდ იმ კართან, სადაც არჩევნების ჩატარება იყო დაგეგმილი. იქაც მობილიზებული არიან დაცვის თანამშრომლები.

როგორც ერთ-ერთი სტუდენტი „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, სენატის სხდომა არის საჯარო და მასზე დასწრების უფლება ყველა სტუდენტს აქვს, ამიტომაც ის ამ ფაქტზე გამოძიებას ითხოვს.

„სენატის სხდომა არის საჯარო, მასზე დასწრების უფლება ყველა სტუდენტს აქვს. ჩვენ დღეს შეგვიზღუდეს ჩვენი უფლება, დაირღვა კანონი. დაინახეთ, როგორ არ შეუშვა აქ მობილიზებულმა პოლიციელებმა სტუდენტები, როგორ ზღუდავს ის სტუდენტების უფლებებს. ეს არის კანონის უხეში დარღვევა და უნდა იქნას გამოძიებული“ – აღნიშნა სტუდენტმა გიორგი არობელიძემ.

IMG_7662

ერთ-ერთი სტუდენტი ნუცა დოლიძე აღნიშნავს, რომ მასზე პატრულის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს.

„ჩვენ მშვიდობიანი გზით ვცდილობდით, რომ შემოვსულიყავით შენობაში და დაგვეკავებინა მხოლოდ და მხოლოდ დერეფანი და დავმდგარიყავით აუდიტორიის წინ. შემოჭრა პატრულის დაახლოებით 60-მდე თანამშრომელი, ჩვენზე იძალადეს, მოვყევით ჭყლეტვაში, იატაკზე დაგვაგდეს და რამდენჯერმე ფიზიკურად შემეხნენ. შემდეგ სტუდენტების უმეტესი ნაწილი გადმოვიდა დერეფნის მეორე ბოლოს. ზუსტად 11 სტუდენტი, 9 გოგო და 2 ბიჭი ვიყავით. ამ მომენტში ჩვენ გვიცავდა პატრულის 35 თანამშრომელი, შემიძლია რაოდენობაზე პასუხი ვაგო. მეგობრებმა მოგვიტანეს წყალი, მე გადავედი რომ წყალი გამომერთმია, სწორედ ამ დროს მე დამიჭირა პატრულის 4-მა თანამშრომელმა და შეღწევის უფლებას არ მაძლევდნენ, რამდენიმე ჩალურჯებაც აღმენიშნება. ეს არის ფაქტი, რომელიც მოხდა უნივერსიტეტის კედლებში, პატრულის თანამშრომლების მიერ“ – აღნიშნა ნუცა დოლიძემ.

IMG_7665

მოგვიანებით, სტუდენტებთან სასაუბროდ მივიდა უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა, რომელმაც მათ განუცხადა, რომ პატრულის თანამშრომლები შენობაში მათი უსაფრთხოების მიზნით იყვნენ მობილიზებულნი, მაგრამ რადგანაც ამ საფრთხე არ შეინიშნებოდა, პაპავამ პატრულის თანამშრომლებს მოუწოდა, რომ შენობა დაეტოვებინათ. მათ შენობა მართლაც დატოვეს, თუმცა მობილიზებული იყვნენ შენობის გარეთ, მთავარ შესასვლელთან.

როგორც „მეტრონომთან“ EMC-ის იურისტი, ლინა ღვინიანიძე აღნიშნავს, სენატის სხდომა უნდა იყოს საჯარო და ამ შემთხვევაში სენატს ძალიან გაუჭირდება იმის დასაბუთება, თუ რატომ გამოაცხადა ეს სხდომა დახურულად.

IMG_7683

„ზოგადად, არის თეორიული შანსი და წესდება აძლევს სენატს იმის საშუალებას, რომ დახუროს სხდომა, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური შანსი და ამ შემთხვევაში სენატს ძალიან გაუჭირდება დასაბუთება, რომ ეს სხდომა დახურულად გამოაცხადა, რადგან მას არ აქვს ამის გაკეთების კანონიერი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიხუროს სხდომა თუ მასზე საიდუმლო ინფორმაცია განიხილება. ბუნებრივია, კანცლერის არჩევა არ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი“ – აღნიშნა ლინა ღვინიანიძემ.

IMG_7721

სტუდენტებს მხარს უჭერდნენ უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილიც. მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ ივერსიტეტის გათავისუფლებას ოდეერის და უშიშროების თანამშრომლებისგან.  როგორც რექტორმა სტუდენტებს განუცხადა, სხდომა მაინც ჩატარდება, რადგან თუ ის არ ჩატარდა საქმე შევა ჩიხში. მაშინ სტუდენტებმა მოითხოვეს გიორგი გაფრინდაშვილს მოეხსნა კანდიდატურა. სტუდენტები ამბობენ, რომ დღეს მთელი უნივერსიტეტი პარალიზებულია უშიშროების თანამშრომლების მიერ, ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ გეგმავენ და პროტესტის გაგრძელებას იქამდე გეგმავენ, სანამ შედეგი არ იქნება.

IMG_7741

ცნობისთვის,  უნივერსიტეტში თვითმმართველობის ყოფილი ერთ-ერთი თავმჯდომარის, გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევას სტუდენტები ორი კვირაა აპროტესტებენ. პარალელურად, სტუდენტებმა იმ უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ვინაობა ამხილეს, რომლებიც საუნივერსიტეტო შიდა საქმეებში და კანცლერის არჩევნებში უხეშად ერევიან. ერთ-ერთმა სტუდენტმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბათუმში, მის სახლში, სავარაუდოდ ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მასთან ერთად, მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

იტვირთბა....