ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვინ არის ნადეჟდა სავჩენკო და რატომ ამბობს უარს ტყვეებში გაცვლაზე

გერმანული გამოცემა Deutsche Welle უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოზე საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ათი ფაქტი, რომელიც ნადია სავჩენკოს შესახებ უნდა იცოდეთ – ასე ასათაურებს გერმანული გამოცემა სავჩენკოზე მომზადებულ სტატიას.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების ოფიცერი, მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლების ტყვეობაში 2014 წლის 17 ივნისს აღმოჩნდა. სავჩენკოს თქმით, 23 ივნისის ღამეს, ის უკანონოდ, თავზე ჩამოცმული ტომრითა და ხელბორკილებით უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში გადაიყვანეს. 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სავჩენკო რუსეთის ქალაქ ვორონეჟის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.

გამოძიების ვერსიით, უკრაინელმა მფრინავმა საზღვარი უკანონოდ, თითქოს დევნილის სტატუსით, დოკუმენტების გარეშე გადაკვეთა. სავჩენკოს დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ის ეჭმიტანილია ჟურნალისტების მკვლელობაში. უფლებადამცველების აზრით, სავჩენკოსთან მიმართებაში ექსტრადიციის პროცედურა დაირღვა. ამასთან, მისი ტყვეობაში ძალადობრივად დატოვება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევაა.

რაში ადანაშაულებენ სავჩენკოს?

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი სავჩენკოს 2014 წლის 17 ივნისს რუსეთის ტელერადიოკომპანიის ჟურნალისტების იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის მკვლელობასა და რუსეთ-უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით, სავჩენკომ ჟურნალისტების კოორდინატები დაადგინა და მობილური კავშირის მეშვეობით ის უკრაინელ ძალოვანებს გადასცა. ამის შემდეგ ჟურნალისტებს ნაღმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. ბრალდების მხარე სავჩენკოს 23-წლიან პატიმრობას ითხოვს. დაცვის მხარე კი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

სასამართლო პროცესზე ნადეჟდა სავჩენკოს დაცვის მხარემ მისი ალიბის მტკიცებულებები წარადგინა, თუმცა სასამართლომ მათი საქმის მასალებში შეტანაზე უარი განაცხადა. სასამართლომ არ მიიღო ის ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სავჩენკოს რადიოკოშკიდან ცეცხლის რეგულირება არ შეეძლო. გარდა ამისა, ადვოკატებმა სასამართლოზე იმისი მტკიცებულებებიც წარადგინეს, რომ ჟურნალისტების მკვლელობის დროს სავჩენკო უკვე ტყვეობაში იმყოფებოდა.   სავჩენკოს ტელეფონის სიგნალის ამონაწერზე დაყრდნობით, დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტების მკვლელობამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე, ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მებრძოლებმა უკრაინელი სავჩენკო ტყვედ აიყვანეს. სასამართლოს გადარწმუნება ვერ შეძლეს ვერც ექსპერტის მოყვანილმა მტკიცებულებებმა, თავდასხმის დროსთან დაკავშირებით. ამ დროს ხომ დარეკვა შეუძლებელი იყო, რადგან სავჩენკოს ადგილსამყოფელზე სატელეფონო კავშირი არ ვრცელდებოდა.

სავჩენკოს რუსულ სასამართლოს წინაშე იცავს რუსი ადვოკატების ჯგუფი- ფეიგინი და პოლოზოვი. ადვოკატები საერთაშორისო უფლებადამცველმა ფონდმა “ღია დიალოგმა” მიიწვია. ეს ფონდი ადამიანის უფლებებს უმეტესად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იცავს.

The Guardian-თან საუბარში სავჩენკოს ადვოკატი მარკ ფეიგინი აცხადებს, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია და დარწმუნებულნი არიან, რომ რუსული სასამართლო სავჩენკოს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს.

ნადია სავჩენკო უკრაინის ომის ყველაზე წინააღმდეგობრივი პატიმარია. ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატია ბრიტანული Telegraph.

რუსული ბრალდებების მიუხედავად, უკრაინაში სავჩენკო ეროვნული გმირი გახდა. ის ნოემბერში უკრაინის პარლამენტის წევრად აირჩიეს. სავჩენკო ასევე არის ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წევრი.

კიევში თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 2000 კაცი შეიკრიბა. მათ გააპროტესტეს სავჩენკოს დაკავება. დემონსტრანტებმა კიევში მდებარე რუსეთის საელჩოს კვერცხებიც დაუშინეს.

New York Times ცნობით, რუსეთის დედაქალაქშიც გაიმართა სავჩენკოს მხარდამჭერთა აქცია, თუმცა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა აქციის მონაწილენი, 30 დემონსტრანტი კი დააკავა.

უკრაინელი მფრინავის 78 წლის დედა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მის შვილს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩა.

“ძალიან ვნერვიულობ, საერთოდ დამავიწყდა ძილი რა არის. გევედრებით ძალისხმევა არ დაიშურით და გადაარჩინოთ მისი სიცოცხლე.” – აცხადებს მარია სავჩენკო.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სავჩენკოს გათავისუფლების სანაცვლოდ მზად არის რუსეთს ტყვეები გაუცვალოს.

“ნადია სავჩენკო, ისევე როგორც ყველა უკრაინელი სამხედრო, თავის მოვალეობას ასრულებდა. სამწუხაროდ ის დონბასიდან გაიტაცეს, ციხეში ჩასვეს და ისეთი ბრალდება წაუყენეს, რომელთანაც არაფერი აკავშირებს. რაც შეეხება ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას, ვიყენებ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას და პირველად ვაცხადებ, რომ ეს შესაძლებელია. მე მზად ვარ გაცვლისთვის, იმისთვის, რომ ნადია სავჩენკო სამშობლოში დაბრუნდეს,” – ამბობს პოროშენკო.

მედიის ინფორმაციით, სავჩენკო შეიძლება რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების ქვეგანყოფილების წარმომადგენლებზე – ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევზე გაცვალონ.

თავად ნადეჟდა სავჩენკო ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „გერეუშნიკების” უდანაშაულო ადამიანზე გაცვლა გინდათ? მეტისმეტი მოგივათ”, – განაცხადა სავჩენკომ 2016 წლის 2 მარტის სასამართლო სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ მისი უფლებების უხეში დარღვევის გამო, ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა რამდენიმეჯერ გამოაცხადა. მიმდინარე წლის 3 მარტს, მისი საქმის განხილვის მორიგი გადატანისა და ბოლოს სიტყვის უფლების ჩამორთმევის გამო პროტესტის ნიშნად, სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ექიმების მტკიცებით, ჯანმრთელ ადამიანს მშრალი შიმშილობა 7-10 დღის განმავლობაში შეუძლია.

“არ ვაღიარებ დანაშაულს, არც განაჩენს და არც რუსულ სასამართლოს. გამამტყუნებელ განაჩენს არ გავასაჩივრებ. მინდა, მთელმა დემოკრატიულმა ცივილიზებულმა სამყარომ გააცნობიეროს, რომ რუსეთი მესამე მსოფლიოს ქვეყანაა, ტოტალიტარული რეჟიმითა და ტირანი დიქტატორით, რომელიც ზედ აფურთხებს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო ღირებულებებს. სანამ ჩემზე ივაჭრებენ, მე სიცოცხლესთან ჭიდილში ვიქნები და რუსეთს საბოლოოდ მაინც მოუწევს ჩემი დაბრუნება უკრაინაში – ცოცხალს ან მკვდარს, მაგრამ დამაბრუნებენ! – ეს ნადია სავჩენკოს ბოლოს სიტყვებია სასამართლოზე წარმოთქმული.

“ოცი თვის განმავლობაში ის გახდა უკრაინის სიამაყისა და გამძლეობის სიმბოლო” – ასე შეაფასა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სავჩენკოს სასამართლო პროცესი.

21 მარტს ცნობილი გახდება სავჩენკოს საბოლოო განაჩენი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 23-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....