ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი გამოქვეყნდა

საკანონმდებლო წინადადება ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს, ევროკომისიის ვებგვერდზეა ატვირთული.

მასში საუბარია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩატარებული პროცედურების შესახებ.

როგორც საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, დაყოვნების საფრთხეებთან დაკავშირებით ამ წუთში რაიმე დიდი საფრთხე არ არსებობს.

„ველი, რომ ალბათ, ზაფხულის განმავლობაში მოხდება უვიზო მიმოსვლის მოქმედება. დაყოვნების საფრთხეებთან დაკავშირებით ამ წუთში რაიმე დიდი საფრთხე არ არსებობს. თუ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სერიოზული გაუარესება მოხდება, ეს შეიძლება გამოყენებული იყოს,“- განაცხადა  კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა. ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას კი ზაფხულამდე ელოდებიან.

„პროცესი მაქსიმუმ 2, უკიდურეს შემთხვევაში 3 თვეში დასრულდება,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ უვიზოდ მიმოსვლა დაჩქარებული წესით მიიღონ.

„თავისუფალი დემოკრატებ“ კი ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ივნის-ივლისში ელოდებიან.

რამდენიმე საათში ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს – ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. დიმიტრის ავრომოპულოსის პრესკონფერენცია თბილისის დროით საღამოს 08:30-ზეა  დანიშნული.

 

იტვირთბა....