ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„სუსი“ თსუ-ს სტუდენტის ოჯახში თანამშრომლების მისვლას არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ სუს-ის თანამშრომლები თსუ-ს სტუდენტის, უნივერსიტეტის თვითმმართველობის წინააღმდეგ გამართული აქციების აქტივისტის,  ირაკლი კუპრაძის ოჯახში იყვნენ მისულები, არ ადასტურებს და ამის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონით განისაზღვრა სრულიად ახალი და გამჭვირვალე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ინსტიტუტის ფუნქციონირების საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველი ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტისაგან. კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად,ახალი ინსტიტუტი ემყარება ნებაყოფლობით საწყისებს. სამსახურის მიერ შესაბამის სუბიექტში წარმომადგენლის მივლენისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებით, რომლის გაფორმებაზე სამსახურისათვის მიმართვის უფლებამოსილება გააჩნია თავად დაინტერესებულ სუბიექტს. ამასთან, კონკრეტული სუბიექტების ჩამონათვალს, რომელშიც შესაძლებელია მივლენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის წარმომადგენელი, განსაზღვრავს არა ერთპიროვნულად უწყების ხელმძღვანელი, არამედ საქართველოს მთავრობა. აღნიშნული ნუსხა არის ყველასათვის ღია, გამჭვირვალე და მოიცავს 25 სუბიექტს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია.ამ ჩამონათვალში საგანმანათლებლო დაწესებულებები არ შედის; შესაბამისად,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სუს-ის თანამშრომელი არ არის წარმოდგენილი .  რაც შეეხება თქვენს  მეირ დასახელებულ პიროვნებას, ბატონ ივა კავსაძეს, ის სუს-ის თანამშრომელი არ გახლვთ.

ასევე, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სუს-ის თანამშრომლები იყვნენ ირაკლი კუპრაძის ოჯახში მისულები, არ ვადასტურებთ. “

შეგახსენებთ, რომ თსუ-ში ბოლო ორი კვირაა სტუდენტები საპროტესტო აქციებს თვითმმართველობის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ირაკლი კუპრაძე აღნიშნულ უნივერსიტეტში თვითმმართველობის ყოფილი ერთ-ერთი თავმჯდომარის, გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერად არჩევას სხვა სტუდენტებთან ერთად ორი კვირაა აპროტესტებს. პარალელურად, სტუდენტებმა იმ უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ვინაობა ამხილეს, რომლებიც საუნივერსიტეტო შიდა საქმეებში და კანცლერის არჩევნებში უხეშად ერევიან. კუპრაძე „მეტრონომთან” ამბობს, რომ ბათუმში, მის სახლში, სავარაუდოდ ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მასთან ერთად, მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

იტვირთბა....