თუ შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულება არ გაგრძელდება, “მაესტროსთვის” ეს საზიანო იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, იჯარის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჰქონდა მაკა ასათიანის ადვოკატთან.
“თუ გაგრძელდება იჯარის ხელშეკრულება, ნაკლებად შრომატევადი პროცესი იქნება “მაესტროსთვის” და მისი ინტერესებისთვის იქნება ნაკლებად საზიანო. თუ ხელშეკრულება არ გაგრძელდება “მაესტროს” ინტერესებისთვის საზიანო იქნება. საზიანო იქნება აიბარგოს მთელი “მაესტრო” და სხვა შენობაში გადავიდეს, თუმცა ამისთვისაც მზად ვარ”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, სხვა შენობაში გადასვლა ბევრ პროცესთან არის დაკავშირებული.
“ძალიან ბევრი ტექნოლოგიური პროცესი სჭირდება, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა სჭირდება, საოფისე ფართის გეომეტრიული და არქიტექტორული დაგეგმარება სჭირდება სხვა შენობაში გადასვლის პროცესს. თუმცა, ამისთვისაც მზად ვარ, რადგან “მაესტროს” ეთერი არ უნდა გაჩერდეს”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “მაესტროს” მეწილეებმა მაკა ასათიანმა და კოტე გეგელიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ახალ დირექტორ ლევან გაჩეჩილაძეს სხვა შენობის ძებნა მოუწევდა, რადგან ასათიანის მფლობელობაში მყოფი შენობით გაჩეჩილაძე ვერ ისარგებლებს.