ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში კალაძეს მწვავე კითხვები დაუსვეს

დღეს, პარლამენტში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს უსმენდნენ. პოლიტიკოსების გარდა სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც ესწრებოდნენ.

„ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო კალაძის სიტყვები, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, საქართველომ მომავალში გაზი „გაზპრომიდან“ შეისყიდოს“, – განაცხადა დიპლომატთა კლუბის წევრმა, სალომე სამადაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საუბრობდნენ.

მან მოუწოდა პრემიერს, მოიწვიოს უშიშროების ექსპერტები და კიდევ ერთხელ მოისმინოს, „რა როლს თამაშობდა „გაზპრომი“ ჰიბრიდულ ომში, მათ შორის, ჩვენს წინააღმდეგ”.

მან ასევე კითხვით მიმართა კალაძეს, გამორიცხავს თუ არა, რომ „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვაზე კიდევ გაიმართოს მოლაპარაკებები.

კალაძის თქმით, მას ამ კითხვაზე გაუჭირდება დადებითი, ან უარყოფითი პასუხის გაცემა, „რადგან ვითარება რთულია”.

„იცით, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან ყოველ წელს გვიწევს დაჯდომა. თუ ვაპირებთ, რომ ყველანაირი მოლაპარაკება გავწყვიტოთ, ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენთვის ეს იქნება დამღუპველი. იყო საუბარი და მინიშნებები “გაზპრომის” მხრიდან, რომ ისინი საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას არ გააგრძელებდნენ, თუ ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა მონეტიზაციაზე გადასვლასთან დაკავშირებით თანხმობა და ისინი შეძლებდნენ, წელს ირანიდან ნაწილობრივ მიეწოდებინათ ბუნებრივი აირი და მომავალი წლების განმავლობაში, გარკვეული ინვესტიციების შედეგად, დააკმაყოფილებდნენ სომხეთს სრულად. რა თქმა უნდა, ვიდექით ამ საშიშროების წინაშე, არ მქონდა ზურგი, რადგან არ იყო შესაძლებლობა, წამოგვეღო დამატებითი მოცულობები აზერბაიჯანიდან. შემდეგ ვიყავით ირანში, სადაც ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო შესაძლებელი ბუნებრივი აირის წამოღება. თეორიულად ეს შესაძლებელია, სამომავლოდ, თუ ამის საჭიროება გახდება, შესაძლებელი იქნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის. ” – ამბობს კალაძე.

„თუ იქნება აუცილებლობა იმისა, რომ გაზპრომიდან შემოვიტანოთ დამატებითი მიცულობები, მე ამას ვუყურებ ეკონომიკურ ჭრილში. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება დამატებითი მოცულობები და არ გვექნება შესაძლებლობა, რომ ის მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ, უნდა მოხდეს უზრუნველყოფა “გაზპრომისგან” ნაყიდი გაზით.

რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება თუ იმაზე დავიწყებთ ლაპარაკს, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი და მთლიანად შემოვიყვანით “გაზპრომი”. ეს რა თქმა, უნდა ცუდი იქნება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ აირი მივიღოთ როგორც აზერბაიჯანიდან, შაჰდენიზიდან, ასევე თეორიულად არის შესაძლებლიბა რომ მივიღოთ ირანიდან, თუმცა როგორც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მჯერა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით არავითარი საფრთხე არ ემუქრება”, – ამბობს კალაძე.

 

იტვირთბა....