ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს მთავრობა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ – ავსტრიული გამოცემა

“ოლიგარქი, ევროკავშირი და დაპატიმრებული მედიამენეჯერი” – ამ სათაურით აქვეყნებს ავსტრიული გამოცემა სტატიას ნიკა გვარამიაზე.

სტატიას გთავაზობთ უცვლელად:

“მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს საქართველოს მთავრობა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. გვარამია, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი, მართავდა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ტელეარხს “მთავარს”. ახლა ის ციხეშია. არხმა ამხილა, თუ როგორ ეხმარება საქართველოს ხელისუფლება მოსკოვს და როგორ გავლენას ახდენს მოსკოვი საქართველოს მთავრობაზე. ამიტომ არხის ხელმძღვანელი გვარამია დაიჭირეს და გისოსებს მიღმა გამოკეტეს. ოფიციალურად მას სამსახურის ავტომობილის ოჯახისთვის გამოყენება ედება ბრალად. ცხადია, რომ მისი პატიმრობა არის ერთგვარი შურისძიება ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან. გვარამიამ და მისმა ტელევიზიამ ხომ არაერთხელ ამხილა რეჟიმი.
ახლა კი, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სიიდან ჩამოჩოჩდა, არის 46 წლის გვარამიას პატიმრობა. მისი საქმე არის ევროკომისიის 12-პუნქტიანი დავალების ნაწილი, რომელიც გადაეცა საქართველოს მთავრობას მოსამზადებლად. მეშვიდე პუნქტი აქ მედიის თავისუფლებას ეხება. ევროპარლამენტი და ქართული ოპოზიცია მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. ისინი თვლიან, რომ ის რუსეთისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების მძევალია თბილისში”, – ნათქვამია სტატიაში.

იტვირთბა....