ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პენტაგონი: ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი ბათირაშვილი მოკლულია

CNN-ის ცნობით ომარ “ჩეჩენი” აშშ-ს საჰაერო დარტყმებს სირიაში ემსხვერპლა. თუმცა, მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს. პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს” უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეთაურად ითვლება, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას ბათირაშვილის მამა ამბობს, რომ შვილთან დიდი ხანია კონტაქტი არ ჰქონია.

„მე არაფერი ვიცი, ახლა გამოვედი სახლიდან, იქნებ ვინმემ რამე იცის, მე ეგ არ დამირეკავს. ტყუილი იქნება ეს ინფორმაცია,“ – აცხადებს თემურ ბათირაშვილი.

ომარ ალ შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას, ამ დროისთვის ვერც ადგილობრივი პანკისელები ადასტურებენ.

შეგახსენებთ, თარხან ბათირაშვილი, საქართველოს მოქალაქეა. ის სამხედრო მოსამსახურე იყო, თუმცა წლების წინ საქართველო დატოვა და ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანდა.

იტვირთბა....