ახალი ამბები მთავარი

ალექსი პეტრიაშვილის პირველი კომენტარი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა რესპუბლიკური საავადმყოფო დატოვა.  საავადმყოფოდან გამოსულმა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან განუცხადა, რომ  მისი გამოჯანმრთელების მხრივ პროგრესია.
“არის პროგრესი გამოჯანმრთელების თვალსაზრისით. ექიმები თვლიან, რომ უკვე სახლში შემიძლია მკურნალობის გაგრძელება. 5 ნატყვიარის და 16 ჭრილობის, ჩაქუჩებისა და ბეისბოლის ბიტების მუშაობის პირობებში, მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ”, – განაცხადა ლექსი პეტრიაშვილმა.

ასევე, ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა თავდამსხმელის, ლევან მექვაბიშვილის შესახებ. მისი თქმით, მექვაბიშვილს არ იცნობს.

 

“მე გამქონდა ასოცირების ხელშეკრულება, მაგ პიროვნებას ლომბარდები, ჩვენ გადაკვეთები არ გვქონია. წარმოდგენა არ მაქვს მაგ სახელზე და გვარზე, მინდა გითხრათ, რომ მისდა საუბედუროდ, მისი თანამზრახველის საუბედუროდ, ღვთის ნებით, გონება არ დამიკარგავს. მახსოვს ყველა დეტალი, ვინ რა ინსტრუმენტით მუშაობდა უსასტიკესი თავდასხმის განმავლობაში. რაც მალე ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მით უკეთესია მისთვის, შეუმსუბუქდება ის ბრალი.

არავითარი შეხება და გადაკვეთა არ მქონია ამ ადამიანთან. მეორე პიროვნებაზე უფრო გართულდება, ამას სახეზე ნიღაბი არ ჰქონდა, მეორე პიროვნება მუშაობდა ნიღბით და შესაბამისად, იქ სხვა დამატებითი სამძებრო სამუშაოებია ჩასატარებელი გამოძიებას ხელი არ უნდა შევუშალოთ.

რაც შეეეხება მოტივს, სპეკულაციებს არ დავიწყებ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების დასკვნები, უკვე საბრალდებო დასკვები, მოტივაციები და ვერ მივბაძავ მათ “მჭერმეტყველებაში”. გამოძიებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოიძიოს მოტივიც. გამოძიება არ იქნება დასრულებული, საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელიც და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც. უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის – არა ჩემთვის, ბუკა პეტრიაშვილისთვის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, მომავალში რომ აღარ მოუვიდეთ თავში აზრად, აიღონ ფული და გაიმეტონ ადამიანი სასიკვდილოდ.

როდესაც ადამიანს თავის, საფეთქელის არეში აყენებენ ჩაქუჩით რამდენიმე დარტყმას, ასევე დაზიანებას მუცლის ღრუში და სხვა მიმართულებით ხდება 5 გასროლა მიბჯენით, ამავე დროს კი გრძელდება “მუშაობა” ჩაქუჩით და ბეისბოლის “ბიტით”, ეს არის ცალსახად მკვლელობის მცდელობა. მე არ ვარ იურისტი, ამას იურისტები მისცემენ შესაბამის კვალიფიკაციას და იმედია, გამოძიება დროულად მივა ბოლომდე“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურებისა და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ლევან მექვაბიშვილი, სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

იტვირთბა....