ახალი ამბები მთავარი

ალექსი პეტრიაშვილი სრულად გამოჯანმრთელდა

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი სრულად არის გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ავთანდილ იმედაძემ გააკეთა. მისი  ინფორმაციით,  პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის კლინიკიდან დღეს გაეწერება.
“პაციენტი არის გამოჯანმრთელებული, რეაბილიტაცია არ სჭირდება. გადატანილი ოპერაციებიდან გამომდინარე მოუწევს ამბულატორიული მკურნალობის სახლში გაგრძელება”, – განაცხადა ავთანდილ იმედაძემ. ალექსი პეტრიაშვილი  ექიმებთან საბოლოო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც საავადმყოფოს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ქვედა კიდურებისა და წელის არეში. პეტრიაშვილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ლევან მექვაბიშვილი, სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს.

იტვირთბა....