“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული პირი, 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი. მექვაბიშვილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც 2011 წელს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად თბილისში ლომბარდებსა და სავალუტო ჯიხურებს აყაჩაღებდა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის არქივში იძებნება მასალა, რომელიც 2011 წელს არის გადაღებული და სწორედ მაშინ მექვაბიშვილი, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ლომბარდების დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს.
ლევან მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. თანამზრახველზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ბორჯომში, ცოტა ხნის წინ ნაქირავებ სახლში დააკავეს. “რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ბორჯომში, მცხეთის ქუჩა 23 ნომერში მდებარე სახლი, დალუქულია. “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს.