“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ის ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა მარინა ფილაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ლევან მექვაბიშვილს ალექსი პეტრიაშვილთან გარკვეულ ეტაპზე მოკლეხნიანი შეხება ჰქონდა და მათ შორის იყო “პატარა უთანხმოება”.
“შეიძლება ორ ადამიანს შორის ქუჩაში მოხდეს ასეთი შელაპარაკება. მეტს ვერაფერს გეტყვით. არ არის არც პოლიტიკური და არც რამე სხვა მიზეზი. ეს არის ჩვეულებრივი, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. როგორც ვიცი, მანამდე რაღაც პატარა ყოფილა. ნუ გამაკეთებინებთ არასწორ კომენტარს, არასწორ ინფორმაციას ნუ მომაწოდებინებთ, სანამ კარგად არ გავივლით ყველაფერს. პეტრიაშვილის არ იცნობდა, შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე მოკლე ხნით. იყო პატარა უთანხმოება”, – განაცხადა მარინა ფილაურმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ბორჯომში, ცოტა ხნის წინ ნაქირავებ სახლში დააკავეს. “რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ბორჯომში, მცხეთის ქუჩა 23 ნომერში მდებარე სახლი, დალუქულია. “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს.