სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ.
“კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება” – წერია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას, ცეცლხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.