„მაესტროს“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალ დირექტორთან, ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრისას მათ სამ თემაზე ისაუბრეს. „ჟურნალისტებს თუ უნდათ ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრა, საკონფერანციო დარბაზში შესვლა შეუძლიათ“ – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
„სამ თემაზე შევთანხმდით: პირველი, ვისაც უნდა, ჟურნალისტებს თუ თანამშრომლებს, ლევანთან შეხვედრა, შეუძლიათ შევიდნენ საკონფერენციო დარბაზში; მეორე – თუ შენობაში ვერ შევა, ლევანმა მოითხოვა გონივრული ვადა, რომ მოძებნოს სხვა, ალტერნატიული ფართი, და მესამე – ეთერის უწყვეტობა, ის არ აპირებს საეთერო ბადესთან დაკავშირებით ჩარევას.“ – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ამ დროისთვის ლევან გაჩეჩილაძე რჩება დარბაზში და ელოდება ჟურნალისტებს. მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ მას ტელეკომპანიაში არ შეუშვებდნენ, არ გამართლდა. ლევან გაჩეჩილაძემ უპრობლემოდ გადაკვეთა „მაესტროს“ ტერიტორია და მას თავად ბაია გადაბაძე შეხვდა.
ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დამფუძნებელთა კრებამ და საჯარო რეესტრმა დირექტორად დანიშნა. ამ ეტაპზე ასევე გაურკვეველია შენობა, სადაც ტელეკომპანია „მაესტროა“ განთავსებული, დარჩება თუ არა გაჩეჩილაძის დირექტორობის ქვეშ მყოფი ტელევიზიის ექსპლუატაციაში. ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტრო“ შენობის გარეშე რჩება. ამის შესახებ „რუსთავი 2“-მა იმ მიმოწერიდან შეიტყო, რაც შპს სტუდია „მაესტროს“ შპს „ემ-ინვესტმენტმა“ გაუგზავნა, რომლის დირექტორიც ბაია გადაბაძეა.
წერილი 2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ „ემ-ინვესტმენტს“ 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სტუდია „მაესტროსთან“ აღარ სურს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება.
მაკა ასათიანის ადვოკატის გიორგი გვენეტაძის განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტრო“ ამჟამად მისი “კეთილი ნების” საფუძველზე ფუნქციონირებს.
ტელეკომპანია „მაესტრო“ განთავსებულია „ემ-ინვესტმენტის“ შენობაში, ტექნიკის ნაწილი კი „სტუდია მაესტროს“ ეკუთვნის.