საზოგადოება

დეპრესია, ნევროზი, ფსიქოზი – რა ნიშნები აქვს ამ დაავადებებს?

დეპრესია თუ ნევროზი ყოველდღიურ სიტყვად იქცა, ეს კი სწორი არ არის. ადამიანი ინდივიდია და ის თავისებურად გამოხატავს ემოციას, რაც არ გულისხმობს აუცილებლად დეპრესიას ან ნევროზს.

დეპრესიის პირველადი ნიშნები უმეტესწილად არის: უხასიათობა, უხალისობა, თავის არიდება კონტაქტებზე, გარკვეულწილად მოწყვლადობა, უსხივობა თვალებში, ადამიანი არ ერთვის კონტაქტში, არ ერთობა, უცნაურ აზრებს გამოთქვამს, პოზიტიური მოვლენები მისი ყურადღების მიღმა რჩება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ ფსიქოლოგთან მცირე კონსულტაცია საჭიროა.  დეპრესიას თავისი ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს და ეს კომპლექსურად განსახილველია. თუ დეპრესია კომპელქსურად არის გამოხატული, აუცილებელია როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქოკონსულტაციური ჩარევა.

ნევროზი და ფსიქოზი შედის ფსიქიატრის კვალიფიკაციაში და აუცილებლად მან უნდა უმკურნალოს. ნევროზული დაავადებების დროს ადამიანისთვის იმდენად მძიმეა ის განცდები, რაც ახლავს ნევროზს, რომ ის აუცილებლად ითხოვს შველას.  ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალების დეფიციტს,  სისუსტეს, მოდუნებას უჩივის.  ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა შეაწუხოს თავის ხშირმა  ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს გულის დაავადებების შიში, გაგიჟების შიში, ღია სივრცის შიში და სხვა. საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება ნევროზის ერთ-ერთი მახასიათებელია.

ფსიქოზი ფსიქიკური დარღვევის გამოხატული ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანის მოქმედება შორდება არსებულ რეალობას, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ მდგომარეობისას ადამიანი რეალურ სამყაროს მკვეთრად დამახინჯებულს ხედავს, რაც ვლინდება ქცევის დარღვევით და ფსიქოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და სინდრომების  გამოვლენით. ფსიქოზის დროს ადამიანს ის ნიშნები გამოაჩნდება, რომლებიც ნორმალური ფსიქოემოციური ფონის მქონე პიროვნებისთვის დამახასიათებელი არ არის. ყველაზე ხშირად ეს აღქმის, მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევაა.

ფსიქოზის დროს, იმიტომ, რომ ადამიანს უჭირს გაცნობიერება და აღიარება, რომ მას რაიმე პრობლემა აქვს,  ნაკლებად ითხოვს შველას და მიმართავს ვინმეს დასახმარებლად.

ამ დაავადებების დროს კატეგორიულად არ შეიძლება თვითმკურნალობა ან ყურადღების მიღმა დატოვება. ეს ფსიქიკური დაავადებები აუცილებლად სპეციალისტისგან დანიშნულ მკურნალობას საჭიროებენ.

მომზადებულია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიუჟეტის მიხედვით.

იტვირთბა....