ტელეკომპანია „მაესტრო“ შენობის გარეშე რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2” ავრცელებს.
ტელეკომპანიამ აღნიშნულის შესახებ იმ მიმოწერიდან შეიტყო, რაც შპს „სტუდია მაესტროს“ შპს „მ-ინვესტმენტმა“ გაუგზავნა. წერილი 2015 წლის 8 დეკემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ „მ-ინვესტმენტს“ 2015 წლის 31 დეკემბრის შემდეგ „სტუდია მაესტროსთან“ საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება აღარ სურს.
„მოგეხსენებათ ტელეკომპანია „მაესტრო“ განთავსებულია „მ-ინვესტმენტის“ შენობაში, ტექნიკა კი „სტუდია მაესტროს“ ეკუთვნის. „მ-ინვესტმენტის“ წარმომადგენელი წერილში აღნიშნავს, რომ მათ აღარ სურთ ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა მაუწყებლობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად არ ითხოვენ საიჯარო ქონების დაუყოვნებლივ გამოთავისუფლებას. წერილში ასევე საუბარია „სტუდია მაესტროს“ მხრიდან „მ-ინვესტმენტის“ მიმართ არსებულ დავალიანებაზე, რაც 255 ათას 90 ლარს შეადგენს“ – წერს „რუსთავი 2“.
„იმის გათვალისწინებით, რომ სტუდია „მაესტროს“ გააჩნია საიჯარო დავალიანება 255 090 ლარი, შპს „მ-ინვესტმენტი“ იტოვებს უფლებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს შენობაში განთავსებული „სტუდია მაესტროს“ მოძრავი ქონებით (ტექნიკით), რის სანაცვლოდაც შპს „სტუდია მაესტროს“ გაუქვითავს იჯარას დავალიანებიდან თვეში 20 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
შპს „მ-ინვესტმენტის“ 100 პროცენტიანი წილი მაკა ასათიანს ეკუთვნის. შპს „სტუდია მაესტროს“ საკონტროლო პაკეტს (55 პროცენტი) კი ბოლო მონაცემებით გია გაჩეჩილაძე ფლობს. 15 პროცენტის მფლობელი მამუკა ღლონტია, 5 პროცენტის მფლობელი ეკატერინე აკობია, 25 პროცენტს მაკა ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრმა დღეს ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა. ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე კი აცხადებს, რომ “მაესტროს” შენობა ერთ-ერთ მეწილე მაკა ასათიანს ეკუთვნის და გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში შესვლას ვერ შეძლებს.