ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ სადაო 25 %-ის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, შპს “სტუდია მაესტროს” რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის განკარგულებებს არ შეასრულებენ.
„გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ:
ვრჩებით ტელეკომპანია “მაესტროზე”, ვაგრძელებთ იმ მენეჯმენტთან მუშაობას, რომელიც ჩვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის. ამასთან, სადაო 25 პროცენტის ირგვლივ სასამართლო დავის დასრულებამდე, არ ვგეგმავთ შპს “სტუდია მაესტროს” რეგისტრირებული დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის, განკარგულებების შესრულებას. ვიმედოვნებთ, “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელს არ შეუშლის არხის ფუნქციონირებას და არ აისახება ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე”, – აცხადებენ „მაესტროს“ ჟურნალისტები.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე “სტუდია მაესტროს” გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა. ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე კი აცხადებს, რომ “მაესტროს” შენობა ერთ-ერთ მეწილე მაკა ასათიანს ეკუთვნის და გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში შესვლას ვერ შეეძლებს.