“მაესტროს” უკვე ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე ლევან გაჩეჩილაძეს მოუწოდებს დაასახელოს ადგილი, სადაც სურს ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლებთან შეხვედრა, ხოლო თანამშრომლებს თხოვს, თავად გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობა.
ამის შესახებ ბაია გადაბაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ლევან გაჩეჩილაძე დღესვე აპირებს თანამშრომლებთან შეხვედრას. ბაია გადაბაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, ეს შენობა არ ეკუთვნის “მაესტროს” და ტელევიზიის მართვას გაჩეჩილაძე ამ შენობაში ვერ შეძლებს.
“თუ მას მიაჩნია, რომ მე რომელიმე თანამშრომელი ხელით მიჭირავს, რაიმე სახის ზეწოლას ვახორციელებ, ხოლო მათ გაქცევა უნდათ, მე ვთავაზობ ლევან გაჩეჩილაძეს გამოაცხადოს, სად უნდა მივიდნენ თანამშრომლები, რა შეთავაზება აქვს და საერთოდ რას სთავაზობს მათ. მე ასევე მივმართავ “მაესტროს” თანამშრომლებს – თუ თქვენ გაინტერესებთ ლევან გაჩეჩილაძესთან მუშაობა, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, გაესაუბროთ და გაარკვიოთ რას გთავაზობთ. თქვენ იცით, მე რას გთავზობთ. მე არ გთავაზობთ განსაკუთრებულად დიდ ხელფასებს, არ გხიბლავთ არაფრით. მე თქვენ გთავაზობთ დამოუკიდებელ ტელევიზიაში მუშაობას, რომელიც არავის მიერ არ იქნება მართული. ამის შემდეგ მეცოდინება, ვაგრძელებ თუ არა თქვენთან ერთად ბრძოლას”. – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
შეგახსენებთ, საჯარო რეესტრმა დღეს ლევან გაჩეჩილაძე “სტუდია მაესტროს” გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა.