“თუ ის შემოჭრას გადაწყვეტს, რაც არ მგონია, სათანადო ზომებს მივიღებთ,” – ასე გამოეხმაურა საჯარო რეესტრის დღევანდელ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე. მისი თქმით, არ ელოდა, რომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს გენერალურ დირექტორად დარეგისტრირება მოხდებოდა.
“ეს არის უკვე ძალიან ღია ბრძოლა ტელევიზიასთან და ძალიან დიდი უკანონობა. სამწუხაროდ, იმდენჯერ გაცრუვდა ჩემი იმედი, რომ როგორც ჩანს, ახალი არაფერი მომხდარა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და შესაბამისად, დაველოდებით ქმედებებს ლევანის, ასევე ცალკე ხელისუფლების მხრიდან, რადგან ეს არ არის მეწილეებს შორის, ეს არის ხელისუფლებას და ტელევიზიას შორის დავა.“ – აცხადებს გადაბაძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრმა “სტუდია მაესტროს” გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა.