სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გაჭირვებული ადამიანებისთვის სახლის შესაძენად მრევლს ფულის შეგროვება დაავალა – ამის შესახებ პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა.
“ყოველი ადამიანი უნდა ეძებდეს გაჭირვებულ ადამიანს. ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ მოწყალების სულისკვეთებით. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.
მისი თქმით, რასაც ადამიანი გასცემს, ის მას წინ დახვდება.
“ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება”, – ბრძანა პატრიარქმა.