დღეს საქალაქო სასამართლოში მარტში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
შეგახსენებთ, ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიების – სამაჯურის გამოყენებით ან გირაოს სახით.
საქმის არსებით განხილვაზე წარმოდგენილი იქნება ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომელსაც დაცვის მხარე ეჭქვეშ აყენებს.
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია.
ახალგაზრდა აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები ეზოში 16:00 საათზე შეიკრიბებიან.
“დაცვის მხარემ ბრალდების მხარესთან გაცვალა მისთვის არსებული მტკიცებულებები. დღეს განიხილება ამ მტკიცებულებების დასაშვებობა დაუშვებლობის საკითხი, ასევე, სადავოობა უდავოობა და ბოლოს განიხილება აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი, კერძოდ, პატიმრობაში დარჩეს, თუ არ დარჩეს ბრალდებული, რისთვისაც, დაცვის მხარე სრულ მზადყოფნაშია. მე, როგორც დაცვის მხარეს, მიმაჩნია, რომ არც თავიდან არსებობდა იმის საფუძველი, რომ ბრალდებული ყოფილიყო პატიმრობაში, მაგრამ, მითუმეტეს დღეს გვაქვს ჩვენ არგუმენტირებული შუამდგომლობა, რითიც ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო შეცვლის ყველაზე მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას, პატიმრობას, გვაქვს საკმაოდ მყარი არგუმენტები ამისთვის”, – განაცხადა ლაზარეს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
შეგახსენებთ, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესო აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე ემუქრება.