“ეს ფორმალური შეხვედრა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ გამოსულიყვნენ და შემდეგ ეთქვათ, როგორი მაგარი ბიჭები და გოგოები არიან,“ – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ეთერში განაცხადა.
„რესპუბლიკელებს ეს რიტორიკა დასჭირდათ იმისთვის, რომ ცუდი თამაშის პირობებში შეენარჩუნებინათ სახე. იცოდნენ, რომ პრემიერთან შეხვედრა იქნებოდა ფორმალური და ასეთ მხარდაჭერას ისინი სხვაგან ეძებენ. ეს ფორმალური შეხვედრა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ გამოსულიყვნენ და შემდეგ ეთქვათ, როგორი მაგარი ბიჭები და გოგოები არიან,“ – განაცადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა თავისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სათქმელი თქვა.
„ბიძინა ივანიშვილის სათქმელი თქვა გიორგი კვირიკაშვილმა. არ შეიძლება ასეთი სპეკულირება და ქვეყნის ბედის დაკავშირება საკუთარ თავთან. თუ თოფაძის არაკორექტულობა შეიძლებოდა ლოკალიზებულიყო კოალიციაში, თინა ხიდაშელმა ძალიან ასწია თამასა და საერთაშორისო სკანდალის სახე მისცა. სახელმწიფო დააზიანა ამით. თავდაცვის სამინისტრო არის დეპოლიტიზირებული სისტემა. კიდევ კარგი, ის არ არის ავტორიტეტული მინისტრი, თორემ ასეთ განცხადებას, შესაძლოა, სამხედრო გადატრიალებაც მოჰყოლოდა. ეს იყო ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები მისი მხრიდან,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.