ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი ჯანდაცვა

საკვები სოდა კიბოს წინააღმდეგ? – „მეტრონომს“ ონკოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ესაუბრა

ინტერნეტ სივრცეში მუდმივად ვრცელდება სხვადასხვა სახის მასალა, რომლებითაც ამტკიცებენ, რომ რიგმა ექიმებმა თუ პაციენტებმა კიბოს დამარცხების გზას მიაკვლიეს. ამ მასალებს საერთო ერთი აქვთ – საუბარია საკვებ სოდაზე, რომლის მიღებაც თურმე კიბოს უჯრედებს კლავს. მასთან ერთად ასახელებენ წყალბადის ზეჟანგს, რომლის რამდენიმე წვეთს ჭიქა წყალში ხსნიან და სვამენ…

ექიმთან კონსულტაციის გარეშეც ჩანს, რომ ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა და მსუბუქად, რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად შეიძლება დაიზიანოს ადამიანმა, თუმცა, რადგან მედიის საშუალებით ამ რეცეპტების გავრცელება მაინც ხდება (ჩვენ შევეცადეთ ზოგადად მოგვეწოდებინა ინფორმაცია და ზუსტად არ აღგვეწერა, თუ რა რეცეპტები ვრცელდება), გადავწყვიტეთ სპეციალისტს დავკავშირებოდით, რომელიც განგვიმარტავდა, სოდა და წყალბადის ზეჟანგი კიბოს  კურნავს თუ პირიქით, ისედაც ავადმყოფ ადამიანს ახალ, სახიფათო პრობლემას უმატებს.

„მეტრონომს“ ონკოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი და სკრინინგ ცენტრის უფროსი, რემა ღვამიჩავა ესაუბრა.

რემა ღავიჩავა: დავიწყოთ იმით, რომ ასეთი ინფორმაციები ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება. ამაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ გვჭირდება გარკვეულ კვლევის შედეგები, რომლებიც სამწუხაროდ არ არსებობს. ამიტომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ცოტა ძნელია.

– ზოგადად თუ შეიძლება განვმარტოთ, კიბო  სოკოვანი დაავადებაა და სოდა ამიტომ შველის? როგორც ხსნიან, სწორია ეს შეხედულება?

– არცერთ კვლევაში ამგვარი რამ მითითებული არ არის. ეს არის გარკვეული ადამიანების, ემპირიულად, თვითნებურად ჩატარებული მკურნალობის საფუძველზე გამოტანილი დასკვნები. ისინი ამბობენ, რომ განიკურნენ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ჩვენ გაგვიხარდება რომ ყველა ჯანმრთელად იყოს, მაგრამ მათ ნადვილად კიბო ჰქონდათ თუ არა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს და შემდეგ შეიძლება მხოლოდ საუბარი, რა შედეგია მიღებული. ეს ყველაფერი არის სიტყვიერად გავრცელებული, უფრო ზუსტად კი მასმედიის მიერ წარმოდგენილი, რომლის უკან რამდენად მეცნიერული კვლევები დგას, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს.

– სოდის გამოყენება რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის?

– ნებისმიერი პრეპარატი, არასწორი დოზირებით, რა საკვირველია სახიფათოა. გავრცელებული იყო მოსაზრება რომ სოდით კუჭის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა შეიძლებოდა, და ეს გამოიწვია იმან, რომ სოდა პირველ ეტაპზე კუჭის ტკივილს აქრობს, სინამდვილეში კი სოდა წყლულოვან დაავადებას კიდევ უფრო ართულებს. ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ – თვითმკურნალობას ნუ მიმართავენ! იმიტომ, რომ სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ამგვარი მკურნალობის მერე მოდიან ჩვენთან თუ სხვა ექიმებთან გართულებებით, რომელთა მკურნალობა ძალიან რთულია.

– რაც შეეხება წყალბადის ზეჟანგს, რომელსაც ასევე ხშირად ავრცელებენ, როგორც უკვე კიბოს წამალს?

– მას აქვს თავისი ჩვენება მედიცინაში თუ როდის იხმარება ის. ნებისმიერი ქიმიური პრეპარატის არამიზნობრივი ხმარება ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს!

მანა ნოდია

იტვირთბა....