ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ორპარტიული პოლიტიკური მანიპულაციები საარჩევნო სიის შედგენამდე

 

„სისულელეა, ცდილობენ, რომ რაღაც ახსნან“ – ასე გამოეხმაურა „მეტრონომთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი „რესპუბლიკურ“ პარტიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიღწეულ ორპარტიულ შეთანხმებას. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დღეს შექმნილი არეულობა და გუშინ გაჟღერებული ორპარტიული, სტრატეგიული პარტნიორობა, ბოლო დროს განვითარებულმა შიდა დაპირისპირებამ გამოიწვია.

ეს ყველფერი კი ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ასე დაიწყო: პარტია „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ დროში განაცხადა, რომ თავის ადრინდელ ნაშრომებში გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა: „ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში“ – განაცხადა მაშინ თოფაძემ. მის ამ განცხადებას სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, მათ შორის თოფაძისთვის კრიტიკა არც „რესპუბლიკურ“ პარტიას მოუკლია. პოლიტიკურ წრეებში შექმნილი აურზაურის შემდეგღა  გაამახვილა ყურადღება „რესპუბლიკელმა“ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში თოფაძის ყოფნის შესახებ და ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე მეგონა, რომ ის პარლამენტის წევრი უკვე  აღარ იყო“. „მრეწველების“ ლიდერზე სწორედ ამ განცხადებამ იქონია გავლენა და თავისი რეპუტაციისთვის ზრუნვა თავდაცვის მინისტრზე კომპრომატების გზით დაიწყო. თოფაძის თქმით, თინა ხიდაშელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს არჩევნებში ჩაერია, ამით კი მან კოალიცია დააზიანა: „სანამ არ დამიწყეს შეურაცხყოფა და კბენა, ჩვენ კოალიციის არც ერთ წევრზე უარი და აუგი არ გვითქვამს. ეს კოლეგიალობის, ელემენტარული კულტურის ამბავია,” – განაცხადა მაშინ თოფაძემ.

მის ამ განცხადებაზე გაბრაზებულმა „რესპუბლიკელმა“ დავით ბერძენიშვილმა თოფაძე მიზანმიმართულად, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა: „გოგი თოფაძის, პარლამენტში, თუ განსაკუთრებით, პარლამენტს გარეთ, მისი მხარდამჭერების თუ შემკვეთების შესრულებით, არის ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლებო, ანტიქართული კამპანია“ – განაცხადა ბერძენიშვილმა. თავად ამ განცხადებების ადრესატი თინა ხიდაშელი კომენტარს რამდენიმე დღე არ აკეთებდა, შემდეგ კი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას დუმილი დაარღვია და განმარტა, რომ კამპანია არა „რესპუბლიკელების“, არამედ კოალიციის და ქვეყნის საგარეო კურსის წინააღმდეგ არის მიმართული და ის მოსკოვიდან იმართება. მან ასევე განაცხადა, რომ „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგ ისეთივე მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, როგორც მისი წინამორბედის მიმართ(იგულისხმა „თავისუფალი დემოკრატები“ და ირაკლი ალასანია), თუმცა ხიდაშელი განსხვავებას ბრძოლის შედეგებში ხედავს. სწორედ ეს ფაქტი გახდა მიზეზი იმისა, რომ პრემიერ-მინსტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ „ოცნებაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრისგან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია: „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი ამ მუქარისშემცველი განცხადების შემდეგ „რესპუბლიკელებმა“ მასთან შეხვედრა მოითხოვეს. შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ორპარტიული შეთანხმება მოხდა.

„მეტრონომი“ ამ შეთანხმების არსსა და კოალიციის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ ექსპერტ გია ხუხაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ორპარტიული შეთანხმება რაღაც ფორმით, სახის შენარჩუნების მცდელობა, წმინდა ფორმალური რიტორიკა და სიტყვების რახარუხია.

„რესპუბლიკური“ პარტია რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ისინი რაღაცნაირად ირიბად ცდილობენ, რომ შექმნან ილუზია, თითქოს „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური“ პარტია კოალიციაში  ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტები არიან. რაც არ უნდა გაიწელოს ქაღალდზე, ეს იქნება აბსოლუტურად უაზრო დოკუმენტი. პრემიერმა დღეს ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ასეთ შეთანხმებას აზრი ექნება იმ შემთხვევაში თუ ის იქნება მთელი კოალიციის მხრიდან დადასტურებული. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის მანევრები „რესპუბლიკური“ პარტიის მხრიდან, რომ რაღაცნაირად ამ ცუდი თამაშის პირობებში სახე შეინარჩუნონ. რაც არ უნდა ახსნან, სისულელეა ეს ყველაფერი. ვინც პოლიტიკაში ჩახედულია, მშვენივრად ესმის – ეს არის უბრალოდ თამაში, რომ საზოგადოებაში კიდევ შეინარჩუნონ აქტუალობა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაა. სინამდვილეში არც არაფერი, ეს იყო წმინდა ფორმალური რიტორიკა, რაღაც სტრატეგია და სიტყვების რახარუხი, მეტი არაფერი“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ „რესპუბლიკელების“ წონა კი არ გაიზარდა, არამედ კატასტროფულად შემცირდა.

„საერთოდ ასე ხდება, როდესაც ადამიანს უჩნდება ზედმეტი ამბიცია, ვიდრე ის იმსახურებს და მას მერე ადგილზე აყენებენ, იმ პოზიციასაც ვერ უბრუნდება, საიდანაც დაიწყო, მიდის მინუსებში. საზოგადოებაში „რესპუბლიკელებს“ დიდი ავტორიტეტი არც ჰქონიათ, მაგრამ თვითონ კოალიციის შიგნითაც მათი ავტორიტეტი სერიოზულად შეირყა“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება „რესპუბლიკელების“ მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გავრცელებული აჟიოტაჟის შემდეგ მათი კოალიციიდან გასვლის შესახებ გააკეთეს, სადაც ამბობდნენ, რომ მათ გარეშე კოალიცია უკვე ფუნქციას დაკარგავდა, ხუხაშვილმა განაცხადა, რომ „მათ მშვენივრად იციან რაზე დგას კოალიცია, აქედან გამომდინარე, ის რომ მათ გარეშე დაიქცევა ქვეყანა, რაღაცა აპოკალიპტურ ცვლილებებს ხატავენ, ეს ღრმად არასერიოზულია“ .

როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, ამ შეთანხმებით „რესპუბლიკელებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ ხაზი გაუსვეს კოალიციაში მათ მნიშვნელოვან სუბიექტებად წარმოჩენას.  სწორედ ამიტომ „მეტრონომი“ ამ საკითხის მიმართ კოალიციაში შემავალი პარტიების პოზიციით დაინტერესდა.

პარტია „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა წევრმა ანი მიროტაძემ „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ შეხვედრით რაიმე დიდი შეთანხმება არ მომხდარა. გარდა ამისა, როგორც ანი ამბობს, „ეროვნული ფორუმი“ სხვა პარტიების შეთანხმებაზე დამოკიდებული არ არის და მიუხედავად იმისა, თუ ვინ რაზე შეთანხმდება, პარტია გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

„უფრო მეტი ინფორმაცია, რაც გავრცელდა, ამის შესახებ მე არ მაქვს. კონკრეტულად რაზე არის საუბარი, რას ნიშნავს ორპარტიული ფორმატი, უფრო მეტ განმარტებას საჭიროებს. წონის გაზრდა-გამოზრდაზე ასეთი შეხვედრები დამოკიდებული არ არის, რეიტინგები, წონა და რაღაც-რაღაცები ცოტა სხვანაირად ითვლება და მხარდამჭერების რაოდენობა. ალბათ, თუ საჭირო გახდება,  უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა იქნება და აუცილებლად გაირკვევა ეს საკითხი. მე არ ვფიქრობ, რომ ამით რაღაც დიდი შეთანხმება მოხდა, მე უფრო მგონია, რომ რაღაც გაუგებრობები, რაც არსებობდა, ალბათ ამ საკითხთან ჰქონდათ საუბარი. ეს მხოლოდ კარგია, თუ გაუგებრობებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.

„ახლა ჩვენ გადავდივართ ახალ ფორმატზე, ეს არის რიგგარეშე ყრილობის მოწვევა, რომელიც გაიმართება მარტის ბოლოს და „ეროვნული ფორუმის“ ყრილობა გადაწყვეტს როგორი უნდა იყოს პარტიის გზა და ეს იქნება ყველაზე რეალური და სწორი გადაწყვეტილება.  არ მოახდენს არანაირი შეთანხმება ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას“ – აღნიშნა ანი მიროტაძემ.

ჩვენ დავუკავშირდით ამ კონფლიქტში მოპაექრე ორივე მხარეს. „მრეწველების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სანამ პოლიტსაბჭო არ ჩატარდება, ამ საკითხე მათი პარტია კომენტარის გაკეთებაზე თავს შეიკავებს. ხოლო რაც შეეხება „რესუბლიკელებს“ ისინი კონტაქტზე არ გამოდიან. მათი პოზიცია გასაგებია – უკვე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს და არ სურთ ზედმეტი კომენტირებით დასტაბილურებულ პოლიტიკურ გარემოს ზიანი მიაყენონ.

საკითხთან მიმართებაში აზრის დასაფიქსირებლად „მეტრონომი“ ოპოზიციურ პარტიებსაც დაუკავშირდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, დღეს ფაქტობრივად კოალიცია დაშლილია.

„ძალიან საინტერესო პროცესია: თინა ხიდაშელმა, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს თურმე აღმოაჩინა, რომ კოალიციის გარვეული ნაწილი დავალებას  კრემლიდან იღებს. მაინტერესებს როდის აღმოაჩენს ქალბატონი თინა, რომ „გაზპრომის“ მთავარი აქციონერი, ასევე ივანიშვილი და კალაძეც მისივე ინტერესებს ატარებენ საქართველოში და დავალებებს იღებენ კრემლისგან“ – აღნიშნა „მეტრონომთან“ სერგო რატიანმა.

მისი თქმით, აქ ფაქტობრივად სიებზეა საუბარი და თან წაგებულების სიაზე, იმიტომ, რომ აშკარად შეზღუდულია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შეიძლება რომ პარლამენტში მოხვდნენ. სწორედ ამ ფონზეა ამხელა კონფლიქტი ატეხილი.

„რესპუბლიკური“ პარტია მთლად მომგებიან მდგომარეობაში არ გამოიყურება. როდესაც შენ ამბობ, რომ კოალიციაში ვიღაცა იღებს დავალებას კრემლიდან, ფაქტობრივად შენ თანამშრომლობ იმ ადამიანებთან, რომლებიც იღებენ დავალებებს კრემლიდან და ასე გრძელდებოდა სამი წელი“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძეც „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ კოალიცია ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, თუმცა მათი პარტია ამ პროცესებით ნაკლებადაა დაინტერესებული.

„როდესაც ჩვენ  ხელისუფლებაში ვიყავით ერთი რამ გვაკავშირებდა, რომ ჩამოგვეცილებინა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მისია შესრულდა და ამის შემდეგ მე ვერანაირად ვაკავშირებ ამ კოალიციისგან რაიმე აღმასვლას. როგორც ჩანს, კოალიციაში  თავისი ადგილების გარანტიებზე ბრძოლა მიდის. ეჭვი მეპარება, რომ „ქართული ოცნების“ გარეშე რომელიმე კოალიციაში შემავალმა პარტიამ დამოუკიდებლად ბარიერი გადალახოს. თვითონ საზოგადოება როგორც აფასებს, კოალიციის ერთობას ვერ ხედავს, იმიტომ, რომ ეს არ არის იდეოლოგიური გაერთიანება, ამიტომ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკმაოდ რთულად აქვთ საქმე“ – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ფაქტი ერთია, რომ მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ამ ორპარტიული შეთანხმებით არჩევნებისთვის სტაბილურ გარემოს ამზადებს და როგორც მან განაცხადა, პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს. „რესპუბლიკელებმაც“ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი კოალიციის დატოვებას არ აპირებენ, ხიდაშელიც თავდაცვის მინისტრად რჩება. როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში, ამას ჩვენც თქვენთან ერთად ვნახავთ.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....