17-18 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით უნდა გამოსულიყო.
ირკვევა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში ოპოზიციის და “ქართული ოცნების” ქალი ლიდერების წაყვანას გეგმავდა. ამ დელეგაციაში იქნებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ნანა მალაშხია – ქალბატონი ევროკავშირის დროშით მარტის დემონსტრაციებისას, რომელსაც ზურაბიშვილმა 9 აპრილს ღირსების ორდენი გადასცა.
ამ საკითხს დღეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური გამოეხმაურა. მან ზემოაღნიშNული იდეის არსებობა დაადასტურა.
„თქვენ იცით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა სხვადასხვა ქალ დეპუტატებთან კომუნიკაცია, მათ შორის, ჩვენთანაც. იცით და ვადასტურებ, რომ ეს იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები მასთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში. თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები. თუმცა, ჩვენ ამ იდეას თავიდანვე მივესალმეთ. ზოგადად, ჩვენს გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გაგვიწყვეტია მას შემდეგ, რაც დავტოვეთ ხელისუფლება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, შეხვედრები იყო, რომელსაც ნათია მეზვრიშვილი ესწრებოდა, როგორც იცით. დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, თუმცა, იმედია ეს იდეა განხორციელდება, რადგან მრავალპარტიული წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია, მათ შორის, ვისურვებდი, ჩართული იყოს ხელისუფლების წარმომადგენელი ამ ღონისძიებაში, მიუხედავად ყველაფრისა. მე არ ვამბობ, რომ ეს მოლაპარაკებები არ შედგა, მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უნდა დაველოდოთ, რომ გაირკვეს ეს ყველაფერი, მანამდე არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ მთავრობას შეუშლია ხელი მისთვის“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული ვიზიტი ჩაიშალა.
ზურაბიშვილმა ამაში მთავრობა დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი ევროპარლამენტში დაგეგმილი გამოვლა ხელისუფლება შეაფერხა.
ამ ბრალდებას გუშინვე მოყვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი.
პრემიერმა ამას ტყუილი უწოდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეცანით პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციათა გუშინდელ განმარტებებს.

