“რესპუბლიკური პარტია” კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” რჩება სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და “რესპუბლიკელების” შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე უსუფაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ თინა ხიდაშელი, ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი.
“ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია” და პარტია “ქართული ოცნება” სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის და “რესპუბლიკური პარტიის” პოზიცია ძალიან მყარია. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას – სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს. ამასთანავე, “რესპუბლიკელებსა” და პარტია “ქართულ ოცნებას” შორის შეთანხმება დაზუსტდება”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
“რესპუბლიკელებსა” და პრემიერს შორის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებული საგანგებო განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაპარტიელების თხოვნით გადაწყდა.
საუბარია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომელიც დღეს გაავრცელა და რომელიც კოალიციაში, “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას ეხებოდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილმა მხარეებს სადავო საკითხების კოალიციის შიგნით განხილვისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პრემიერ მინისტრი და კოალიციის ლიდერი ცვლილებებს განახორციელებს.