ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან, პლებეებისგან და მონებისგან

“კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან, პლებეებისგან და მონებისგან,”-ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა გააკეთა. დეპუტატი საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ  დღეს გაკეთებულ განცხადებას, გამოეხმაურა. მეჭიაური ჟურნალისტებთან საუბრისას ვერ აკონკრეტებს, ვის შეიძლება  მოუწიოს თანამდებობის დატოვება, თუმცა მიიჩნევს, რომ ცვლილებების შემთხვევაში  „კოალიცია გასუფთავდება.“

“ამას ვერ გეტყვით, ეს პრემიერის პრეროგატივაა და მან უნდა გადაწყვიტოს. უკეთეს შემთხვევაში კოალიცია გასუფთავდება. ჩემი აზრით, ერთი მხრივ, კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან,ცისფერსისხლიანებისგან და პლებეებისგან, მეორე მხრივ, მონებისგან. ის უნდა იყოს თანაბარი როგორც პიროვნებების კუთხით, ასევე პოლიტიკური ჯგუფებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი – რიგითი სადღაც თავს უფლებას აძლევს, რომ კოალიციის დამაარსებლით ერთი მხრივ ისარგებლოს და ის რაც მისგან აქვს, მიიღოს და მეორე მხრივ, ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში საჯაროდ გაატაროს. ამაზე კი, მისი არც ერთი თანაპარტიელი საწინააღმდეგო განცხადებას არ აკეთებს. ამასთანავე, ერთი სიტყვის შეშლისთვის სხვას – კოალიციის სხვა წევრს ლამის ცოცხლად მარხავენ. ასეთი განსხვავებული მიდგომები სანამ იქნება, კოალიციას ობიექტურობის საფუძველი არ ექნება. ამ შეფასებას კონკრეტული ადრესატი რომ არ ჰყავდეს, არ ვიტყოდი”, – განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაურის განცხადებით, კარგია, რომ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური საკითხების შემდეგ, პოლიტიკისთვის მოიცალა. დეპუტატი ამბობს, რომ კვირიკაშვილის განცხადება იყო დაბალანსებული და ის გამოდიოდა არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან.

შეგახსენებთ, კვირიკაშვილმა განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც თავდაცვის მინისტი თინა ხიდაშელი გააკრიტიკა. პრემიერი თანაგუნდელებს შესაძლო ცვლილებებსაც დაჰპირდა.

იტვირთბა....