ახალი ამბები მთავარი სამართალი

აშშ-ის სასამართლოს სარჩელს წარვუდგენ, სადავოდ ვხდი ჩემი სანქცირების გადაწყვეტილებას – ირაკლი შენგელია

ამერიკის მიერ დასანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლე, ირაკლი შენგელია აშშ-ს შესაბამისი ორგანოებისთვის სასამართლო სარჩელის წარდგენას აანონსებს.

შენგელიას თქმით, მთავარი არ არის ამერიკის ვიზა, აქ გადამწყვეტი არის ის, რომ ის არ აპირებს, კორუმპირებულის იარლიყს შეეგუოს.

„მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ – მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს“ , – აღნიშნავს შენგელია.

იტვირთბა....