ახალი ამბები ბიზნესი მთავარი სამართალი

ჩერნოვეცკი 20 000 ლარიან ჯილდოს აწესებს

პოლიტიკური მოძრაობა “ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის შვილი, სტეპან ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომ ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს. მას შემდეგ კი, რაც მამამისმა საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, თავისი ბიზნესი სამართავად მას გადასცა, შესაბამისად, მის ყველა საქველმოქმედო პროექტსაც, რომელიც საქართველოში და უკრაინაში ხორციელდება, სტეპანი აფინანსებს. ასევე, მისი თქმით, ჯილდოს გადასცემს იმ ადამიანს, ვინც ინფორმაციას მიაწვდის თელავის მკვიდრის, 80 წლის მოხუცის მძარცველების და ფონიჭალაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ჩამდენის შესახებ.

 

“დავიბადე და ვცხოვრობდი საქართველოში, გახლავართ ამ ქვეყნის მოქალაქე, რითაც ვამაყობ და მსურს, რომ მომავალში საქართველოსთან ვიყო დაკავშირებული. ძალიან მინდა ამ ქვეყნისთვის ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი რამ გავაკეთო. სამწუხაროდ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისში, ახალგაზრდა ქალბატონი სადისტურად მოკლეს, მისი მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს. ეს ნამდვილი ტრაგედიაა და ბოლო დღეებია სულ ამ საშინელი შემთხვევის შესახებ ვფიქრობ. მინდა განვაცხადო, რომ მე 20 000 ლარს გადავუხდი იმას, ვინც მომხდარში დამნაშავე პირის, ან პირების ვინაობის და ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცველებს უტყუარ ინფორმაციას მიაწვდის და შინაგან საქმეთა სამინისტრო მის უტყუარობას ოფიციალურად დაადასტურებს. ადამიანი, რომელიც ამ ინფორმაციას მოიპოვებს, არ უნდა იყოს სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომელი, რადგან დამნაშავეების გამოვლენა და დაკავება მათი პირდაპირი მოვალეობაა!

ასეთივე ჯილდოს გადავცემ უტყუარი ინფორმაციისთვის იმ ნაძირლების შესახებ, რომლებმაც გაძარცვეს ჩემი ოჯახისთვის ახლობელი ადამიანი–თელავის მკვიდრი, ვახტანგ ვახტანგიშვილი. ბოროტმოქმედებმა, 80 წლის მოხუცი, რომელსაც ინსულტი ჰქონდა გადატანილი, გაკოჭეს და აწამეს. ახლა ის საავადმყოფოში იმყოფება! მინდა, რომ ქართველებმა იცოდნენ, 1986 წელს, მაშინ როცა ჩერნობილის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა, ბაბუა ვახტანგი ჩვენს ოჯახს, სამი თვის განმავლობაში თელავში, საკუთარ სახლში არჩენდა, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ნათესაური კავშირი ჩვენ არ გაგვაჩნდა! ის საოცარი და კეთილშობილი ადამიანია! დამნაშავეები, რომლებმაც ამ „წმინდა“ მოხუცის სიცოცხლის ხელყოფა სცადეს, მკაცრად უნდა დაისაჯონ!”, – აღნიშნულია ჩერნოვეცკის განცხადებაში.

იტვირთბა....