ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

პარლამენტმა კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა. გვენეტაძის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანომ კენჭი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. გვენეტაძეს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა.

კობა გვენეტაძის კანდიდატურა პლენარულ სხდომამდე განიხილეს საპარლამენტო კომიტეტებმა და ფრაქციებმა, რომლებმაც კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

კობა გვენეტაძის მხარდაჭერას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი. მისი თქმით,  პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. აბაშიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის წარმატებით ფუნქციონირება საბჭოს წარმატებულ წევრებზეა დამოკიდებული.

“პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ამ გადაწყვეტილებით. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობას, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის წარმატებით ფუნქციონირება საბჭოს წარმატებულ წევრებზეა დამოკიდებული და ასეთი კანდიდატი იყო ნამდვილად ბატონი კობა გვენეტაძე”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რაც ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაა.

 

იტვირთბა....