ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ სცემეს ტრანსგენდერი ქალი თბილისში რკინიგზის სადგურზე?

შინაგან საქმეთა სამინისტრო სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტს იძიებს. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ნატა ჰყვება, 5 დღის წინ, როდესაც ქალის ფეხსაცმელს ყიდულობდა, ტრანსფობიის ნიადაგზე მამაკაცი დაესხა თავს და ცხვირი გაუტეხა. მისივე განმარტებით, გარშემომყოფები მის მიმართ ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებდნენ.

„ყურადღებას არ ვაქცევდი, წასვლა დავაპირე. გზაში დამეწია ერთ-ერთი და დამარტყა. ტელეფონი და საფულე დამივარდა, როცა ტელეფონს დავწვდი, წიხლი სახეში ამომარტყა. სისხლი წამსკდა, ვერ ვაჩერებდი. ყვირილზე მეტროდან პატრული გამოვიდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში წამიყვანეს“, – ამბობს ნატა.

მისი თქმით, გუშინ გამომძიებელმა სადგურის მოედანზე წაიყვანა, სადაც თავდამსხმელის ამოცნობა შეძლო.

„აღიარა, რომ მცემა, მაგრამ თქვა, რომ ეს ჰომოფობიური განწყობის გამო არ ყოფილა. პირიქით, აქეთ მდებდა ბრალს, რომ შეურაცხყოფას ვაყენებდი, რაც აბსურდია“, – ამბობს ნატა.

ნატა ამბობს, რომ პოლიციელები და პროკურორი კარგად მოექცნენ, რის გამოც გამბედაობა მოემატა, საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

„რომ ნახა, პირადობაში ბიჭის სახელი მეწერა, მკითხა, როგორ მოგმართოთ, რომ თქვენს იდენტობას ცუდად არ შევეხოო. ვუთხარი, რომ ტრანსგენდერი ვიყავი“. – ამბობს ნატა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

თუმცა ნატა მოითხოვს, რომ საქმეს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ რამდენიმე პირი დაიკითხა და ახლა ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

იტვირთბა....