ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპი ვერ გაიმარჯვებს: ჯანყი “რესპუბლიკური პარტიის” ისტებლიშმენტის წინააღმდეგ

 

ამერიკაში, ერთდროულად 11 შტატში შიდაპარტიული არჩევნები, ე.წ. სუპერსამშაბათი გაიმართა. “რესპუბლიკელებს” შორის, დონალდ ტრამპმა შვიდ შტატში – ალაბამა, არკანზასი, ჯორჯია, მასაჩუსეტსი, ტენესი, ვერმონტი და ვირჯინია – გაიმარჯვა.

დემოკრატებს შორის, ჰილარი კლინტონმა შვიდ შტატში გაიმარჯვა. ესენია: ალაბამა, არკანზასი, ჯორჯია, მასაჩუსეტსი, ტენესი, ტექსასი და ვირჯინია.

დარჩენილ ოთხ შტატში, კოლორადოში, მინესოტაში, ოკლაჰომასა და ვერმონტში კი გამარჯვება ბერნი სანდერსს დარჩა.

რამდენად რეალურია დონალდ ტრამპის გამარჯვება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და საქართველოსთვის “დემოკრატების” თუ “რესპუბლიკელთა” კანდიდატის გამარჯვება იქნება უფრო მომგებიანი?

“მეტრონომთან” საუბარში ისტორიკოსი თემურ პაპასქირი მიიჩნევს, რომ სუპერსამშაბათისა და დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია, მეტიც პაპასქირი მიიჩნევს, რომ ტრამპი გამარჯვებას ვეღარ შეძლებს.

“ტრამპმა ცოტა გააზვიადა თავის გამარჯვება. მან მართალია შტატების რაოდენობა კი მოიგო, მაგრამ დელეგატების რაოდენობით არ მგონია გუშინდელი სამშაბათიდან გამარჯვებული გამოვიდეს. რაც შეეხება დემოკრატების მხარეს, იქ ისედაც ყველაფერი გარკვეული იყო. კლინტონმა უბრალოდ გაიფორმა გამარჯვება. დონალდ ტრაპმის კანდიდატურას ვაფასებ უარყოფითად, რესპუბლიკური პარტიისთვის კატასტროფული იქნება, თუ საბოლოო ჯამში, ტრამპი იქნება მისგან წაყენებული კანდიდატი. გუშინდელი შედეგები არ იძლევა ცალსახად იმის თქმის საფუძველს, რომ ტრამპი აუცილებლად გახდება ნომინანტი. “რესპუბლიკელები” ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ტრამპს შესაძლოა მსგავსი პოპულარობა მოეპოვებინა. ფაქტობრივად, ეს არის ჯანყი “რესპუბლიკური პარტიის” ესტაბლიშმენტის წინააღმდეგ და ესტაბლიშმენტი მარკო რუბიოს უჭერს მხარს, თუმცა რუბიოს შანსები საგრძნობლად შემცირდა. რაც შეეხება იმას, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში თუ ტრამპი იქნება “რესპუბლიკელების” ნომინანტი მაშინ კლინტონი გაიმარჯვებს. თუმცა, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, რადგან ტეხასის შედეგები სრულად არ არის დადებული. მაშინ, როცა ის შტატები, რომლებიც ტრამპმა მოიგო სრულად არის ნაჩვენები. მეორე მხრივ, დარჩენილ შტატებში კრუზი იმდენად პოპულარული არ არის. სამხრეთელია და ცოტა პრობლემები შეიძლება შეექმნას. ჯერ კიდევ არჩევნები მიმდინარეობს. მთელი მსოფლიოს მედია იმიტომ ლაპარაკობს ტრამპის გამარჯვებაზე, რომ ტეხასის შედეგები მოვიდა გვიან, ასევე ოკლაფომას შედეგებიც გვიან დაიდო, სადაც ტრამპი დამარცხდა. ალიასკას შედეგები საერთოდ დღეს დილით გამოქვეყნდა. შესაბამისად, მთელი მსოფიო მედია წერს იმაზე, რომ ექვსი შტატი, რომლის შედეგებიც ცნობილია მოიგო ტრაპმა. თუმცა დაითვლება დღეს საბოლოო დელეგატების რაოდენობა და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ტრამპმა წააგო დელეგატების რაოდენობა კრუზთან.” – აცხადებს პაპასქირი.

მისი თქმით, დემოკრატებისგან კონტროლირებადი მედია მუდმივად ახდენს ტრამპის ტირაჟირებას, რადგან მათ ინტერესშია, რომ “რესპუბლიკური პარტია” დონალდ ტრამპმა წარმოადგინეს.

“ძალიან დიდი როლი ითამაშა ტრამპის პოპულარობის ზრდაში  მედიამ. საერთო დრო რომლის განმავლობაში ჩანდა მედიასაშუალბებებში ათჯერ და ოცჯერ მეტია დანარჩენი კანდიდატებისგან. ამაში სხვათაშორის დემოკრატების მიერ კონტროლირებადი მედიაც დიდ როლს თამაშობს. მათ აწყობთ “რესპუბლიკელების” კანდიდატად ტრამპი”. – ამბობს პაპასქირი.

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში და ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” წევრი მამუკა კუდავა “მეტრონომთან” საუბარში ტრამპის შესაძლო გამარჯვებას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უარყოფითად აფასებს და იმედოვნებს, რომ ეს ასე არ მოხდება.

“რა თქმა უნდა, ტრამპი “რესპუბლიკური პარტიისთვის” ძალიან დიდი პრობლემაა.  ამერიკისთვის არის ცუდი იმიჯის მხრივ. ტრამპის დემაგოგიური და პოპულისტური განცხადებები იზოლაციონიზმისკენ არის მიმართული. მაგალითად, მისი განცხადებები, პუტინთან ურთიერთობების გამყარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაუქმება, აქედან გამომდინარე ბევრი აღიქვამს ამერიკას, თუნდაც მან ვერ მოიგოს არჩევნები და მხოლოდ და მხოლოდ ნომინაცია ჰქონდეს “რესპუბლიკელების” ეს დიდ დარტყმას მიაყენებს ამერიკის პრესტიჟს.

რაც შეეხება ტრამპის პოპულარობის მიზეზებს. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამის მიზეზი. პირველი არის ტრადიციული პოლიტიკური პარტიების ყელში ამოსვლა, ტრამპის პოპულისტური განცხადებები და სხვა. ჩვენთვის დემოკრატი ჰილარი კლინტონის გამარჯვება გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, მის პოლიტიკურ გარემოს, რეგიონს, რუსეთს და აქედან გამომდინარე მას უკეთ ესმის ჩვენი პრობლემატიკა, ვიდრე ნებისმიერ დანარჩენს”. – აცხადებს კუდავა.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი ამერიკაში ვერ გაიმარჯვებს.

“რესპუბლიკურ პარტიას” აქვს სერიოზული კრიზისი, რადგან დონალდ ტრამპი წარადგინეს კანდიდატად. კლინტონი ნებისმიერ შემთხვევაში მოუგებს ტრამპს. კლინტონი ჩვენს რეგიონს ძალიან კარგად იცნობს და გამოცდილი პოლიტიკოსია და ჩვენთვის ძალიან კარგია მისი გასვლა”. – აცხადებს შარაშენიძე “მეტრონომთან” საუბარში.

სტატია მინდა დავასრულო აშშ-ს სამი „რესპუბლიკელი” პრეზიდენტის სფიჩრაიტერისა და მრჩეველის, პოლიტტექნოლოგის პიტერ უენერის საავტორო სტატიდან ამონარიდით, რომელიც „The New York Times”-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

უენერი სვამს კითხვას, რატომ არ მისცემს ხმას დონალდ ტრამპს.

“ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ არ უნდა მისცე ტრამპს ხმა. დავიწყოთ იმით, რომ ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე არაკვალიფიციური კანდიდატი იქნება. ჩვენი 44 პრეზიდენტიდან ყველას, სახელმწიფოს მართვის ან სამხედრო სამსახურის გამოცდილება ჰქონდა. ტრამპი კი უძრავი ქონების მაგნატი და რეალითი შოუს ვარსკვლავია. მას ერთ დღესაც კი არ უმსახურია არც საჯარო სამსახურში და არც შეიარაღებულ ძალებში. საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას, ტრამპმა არაკომპეტენტურობა ძალიან ბევრ საკითხში გამოავლინა. მან არ იცოდა, რომ შეერთებულ შტატებს ბირთვული შეიარაღების სამგვარი გამოყენება შეუძლია (სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო). ტრამპმა ირანის ქოდსის სამხედრო ქვედანაყოფი ქურთებში აურია. ის ვერ ერკვევა ვერც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაში, ვერც აუტიზმის მიზეზებში და ვერც იმაში, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საგადასახადო რეფორმის მისივე გეგმას. ტრამპს ამ საკითხებში გარკვევის სურვილიც კი არა აქვს. ის ამბობს, რომ საჯარო დებატებისთვის არ ემზადება, რადგან თვლის, რომ ეს წარმატებულ გამოსვლაში ხელს შეუშლის. ჯერ, არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ყოფილა ცოდნისა და ფაქტებისადმი ამდენად გულგრილი”. – წერს უენერი.

 

მარიამ ვარადაშვილი

 

 

იტვირთბა....