„ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც“ – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მან აღნიშნული კომენტარი ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ”თავისუფალი დემოკრატები” ოპოზიციაში არ უნდა გადასულიყო.
„საქართველოში მოვლენების და მცნებების აღრევა ხშირად ხდება. ჩვენ ნერვებიც მყარი გვაქვს და თავმოყვარეობაც. მინდა შეგახსენოთ, რომ ხიდაშელს ნერვებს უშლის თოფაძე და “მრეწველების” პარტია, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ იმ დროს მოქმედი და ყოფილი პრემიერები იყვნენ დარაზმული და ჩაგვიშალეს ქვეყნის უშიშროებისთვის და თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ასევე დააკავეს 5 უდანაშაულო სამხედრო მოსამსახურე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომელი. ამ 2 ფაქტს შორის ამ კუთხით საკმაოდ დიდი განსხვავებაა”, – განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა „არჩევანში“ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ ალასანიას ნერვებმა უმტუნა და კოალიციიდან იმიტომ წავიდა: „ალასანიას ნერვებმა უმტყუნა და ვფიქრობ, რომ ისინი არ უნდა წასულიყვნენ ოპოზიციაში“- განაცხადა ხიდაშელმა გადაცემაში.