aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მძიმე მდგომარეობაში ხართ, ცარიელ ოთახში იქნევთ ხელებს” – ანა ნაცვლიშვილი “ოცნებას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს მიმართა, მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.

“მძიმე მდგომარეობაში ხართ, ცარიელ ოთახში იქნევთ ხელებს. საერთოდ არ არის აქ „ნაციონალური მოძრაობა“ და თქვენი სპიკერები „ნაციონალურ მოძრაობას“ ესაუბრებიან. რა ვიცი, იქნებ გამოიხედოთ მარცხნივ-მარჯვნივ და დაინახავთ, რომ საერთოდ არ სხედან აქ. ჩარჩით, წარსულში ჩარჩით, 2023 წელია ახლა. მინდა დავიწყო მილოცვით ქართველი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიმართ. ნამდვილად მძიმე პირობებში უწევთ მათ თავიანთი მოვალეობის შესრულება, მათ შორის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და სიცოცხლის რისკის ფასადაც. სიყალბე მორალურად და ეთიკურად უნდა იყოს აკრძალული, თუ მართლა გინდათ მიულოცოთ ბატონო შალვა ქართულ მედიას, მაშინ სრულიად არანორმალური და არაკონსტიტუციური რეგულაციები, რომელიც მედიას დაუწესეთ პარლამენტის შენობაში თქვენ ერთპიროვნულად, დღეს მივულოცავდი და მას წავიღებდი უკან, ეს იქნებოდა რეალური მოლოცვა, დანარჩენი არის ცარიელი სიტყვები. თუ მართლა ზრუნავთ და გაწუხებთ ქართული ჟურნალისტიკის ბედი, მაშინ ისიც უნდა გაწუხებდეთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს მოკლული ჟურნალისტი ლექსო ლაშქარავა და ის რომ არის მოკლული და მოკლული ჟურნალისტების სიაში რომ არის შეტანილი UNESCO -ს მიერ ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერ გააყალბებთ. ამ საქმის რეალურ გამოძიებას და ამ საკითხზე რეალურ საპარლამენტო ზედამხედველობას განვახორციელებდი, თუ ამას არ აკეთებთ, დანარჩენი არის სიყალბე და ცარიელი სიტყვები, რომელიც დაგჩემდათ ამ ბოლო დროს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, რომ შეგახსენოთ. კი, თქვენ ხართ ის ძალა, რომელმაც თქვენივე შვილებს და მათ თაობას წყლის ჭავლი და გაზი არ დაამადლეთ და მიუშვირეთ სრულიად ლეგიტიმურად აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს. ისინი კი არ დაინდეთ, მათ გაიძულეს, რომ გაჩერებულიყავით. არანაირი დანდობა არ იყო, ორი დღის განმავლობაში აყლაპეთ მომწამვლელი კვამლი და ბევრი მათგანი, აქციიდან გაიტაცეთ, დაბეგვეთ და მერე იზოლატორებში გამოამწყვდიეთ. ამიტომ დანდობაზე ნუ ლაპარაკობთ, მათ გაიძულეს და კიდევ ბევრ რამეს გაიძულებენ, რადგან დიახ, ისინი არიან ამ ქვეყნის გუშაგები დღეიდან და თქვენ აღარ გაქვთ მათი ნდობა. ძალიან სამარცხვინოა ის განცხადებები, რომელსაც აკეთებთ – ათასლარიანთან, არ ვიცი რასთან გქონიათ საქმე, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ეს, ნამდვილად არ ეკუთვნით და ბოდიში გაქვთ მოსახდელი – ახლა არ მოიხდით, ახლო მომავალში მოგიწევთ ბოდიშის მოხდა ამ გამოთქმისთვის. სიყალბეა ასევე მეორე თარიღის აღნიშვნა, რომელსაც ეს პარლამენტი რომ ფუნქციონირებდეს, რეალური საქმით უნდა აღვნიშნავდეთ, რაც მიემართება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. ვის დააჯერებთ, რომ მათი ხმა გესმით და მათ საჭიროებებს დაინახავთ, ათასობით ქართველი მშვიდობიანად გელაპარაკებოდათ და მათი ხმა არ გესმოდათ და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ხმას გაიგონებთ?! არც გესმით და არც გინდათ, რომ გაიგოთ. ამიტომ ესეც სიყალბეა. ვის დააჯერებთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალების ხმა გესმით, როდესაც სექსუალურ შევიწროებაში სასამართლოს მიერ აღიარებული ადამიანი გყავთ მთავარი პროპაგანდისტად, ეგ არის თქვენი ხალხი. ამიტომ კარგად გაუსწორეთ ამ რეალობას თვალი. ეგ ხალხიღა შემოგრჩათ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან ნათლად ხედავს თქვენს სახეს, ამიტომ ნუ გეწყინებათ ის სახელი, რომელსაც ისტორია მოგანიჭებთ, ნუ გეწყინებათ, ბევრი დრო გქონდათ იმისთვის, რომ მოგესმინათ საკუთარი მოქალაქეებისთვის, ამ ქვეყნის მეგობრებისთვის და სტრატეგიული პარტნიორებისთვის და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეთ. მაგრამ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ახლა მთელი ცხოვრება ამ მძიმე ტვირთით ცხოვრება მოგიწევთ. ესეც არჩევანია და ეს არჩევანი თქვენ გააკეთეთ და დადექით ისტორიის არასწორ მხარეს, თქვენდა საუბედუროდ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იტვირთბა....