უმცროსი ექიმი, რომელმაც ახალციხელ ექთანს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ პირველადი დახმარება გაუწია, ჯერ კლინიკა „იმედიდან“ შემდეგ კი სამედიცინო სფეროდან წავიდა. ინფორმაციას „მეცხრე არხს“ ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური უდასტურებს. მისი თქმით, მეგი ბაქრაძის ტრაგიკულმა შემთხვევამ, ბექა ლიპარტელიანზე იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა იქონია, რომ საყვარელ საქმიანობაზე უარი თქვა.
„ბექა საკმაოდ გამოცდილი ექიმია. ბევრ ექიმს ჯობნის კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში. რომ ვენდობოდი იმიტომ ვთხოვე, რომ ამ “კოვიდობის” დროს ჩამოსულიყო და გვერდზე დამდგომოდა.
გული მწყდება, იმ დროს იქ რომ ვყოფილიყავი, ბექა აცდებოდა ამ ყველაფერს. იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და განიცადა ეს ყველაფერი, რომ მედიცინას საერთოდ შეეშვა. თუმცა ასეთი კადრის დაკარგვა მედიცინისთვის ძალიან მძიმეა და არ შეიძლება. ბექა სამწუხაროდ, დღესდღეობით მედიცინაში აღარ არის,“ – ამბობს გიორგი აფციაური.
წყარო – tv9news.ge